ნაცუ ბაშოზე ლევან გორგაძემ მესამე ორთაბრძოოლა მოიგო. ქართველი სუმოისტი ცუდი ასპარეზობის ფონზე დღევანდელი გამარჯვებით, დადებითი ბალანსის მოპოვების თეორიულ შანსს ჯერაც ინარჩუნებს.
ტოჩინოშინი წლის მესამე სუპერტურნირზე მე-13 მაეგაშირა დაიამამს შეხვდა და ცუკიოტოშის ილეთით აჯობა. გორგაძემ უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და მეტოქე ეფექტური ილეთით დაამარცხა.
ეს აღნიშნული წყვილის პირველი დაპირისპირება იყო და ურთიერთშეხვედრებში მოგება/წაგების ბალანსი ქართველმა გოლიათმა სათავისოდ გახსნა.
ტოჩის 3 მოგების საპირისპიროდ 7 მარცხი აქვს და იმისთვის, რომ დადებითი ბალანსი მოიპოვოს, დარჩენილი 5 ორთაბრძოლიდან ყველა უნდა მოიგოს. მისი მომდევნო მეტოქე კი კირიბაიამა იქნება, რომელსაც აქამდე 4-ჯერ შეხვედრია და 3 გამარჯვების წილ 1 მარცხი აქვს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენებურის მსგავსად მაისის ბაშოზე კირიბაიამაც ცუდად ასპარეზობს და ხვალ ლევანი კიდევ ერთხელ მოგებას ეცდება.