ავტოსპორტი

19:08 | 17.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრია ისევ ორ რბოლას უმასპინძლებს

თურქეთში კორონავირუსის პანდემიის გამწვავების გამო, ფორმულა 1-ის კალენდრიდან თურქეთის დიდი პრიზი ამოვარდა. მას ავსტრიაში მეორე რბოლა ჩაანაცვლებს. გასული სეზონის მსგავსად, ავსტრიის შპილბერგში შტირიის დიდი პრიზი გაიმართება.

კალენდარში სხვა ცვლილებაც მოხდა. კერძოდ, საფრანგეთის დიდი პრიზი, ერთი კვირით წინ გადმოვიდა. მის ადგილზე, ერთკვირიან შუალედში, შტირიის დიდი პრიზი ჩაჯდა, რომელსაც ორ კვირაში ავსტრიის დიდი პრიზი მოჰყვება.

ისტანბულ პარკზე რბოლა 13 ივნისს იყო დანიშნული. ერთი კვირით ადრე, დიდი პრიზების ცირკს ბაქო უმასპინძლებს. აზერბაიჯანიდან ორი კვირის შემდეგ (20 ივნისს), საფრანგეთის დიდი პრიზი გაიმართება. მას ერთ კვირაში მოჰყვება შტირიის დიდი პრიზი, ავსტრიის დიდი პრიზი კი 4 ივლისს ჩატარდება.

თურქეთის დიდი პრიზის კალენდრიდან ამოვარდნა იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ ბრიტანეთმა თურქეთი პანდემიის გამო, წითელ სიაში შეიტანა. ამ სიაში არსებულ ქვეყნებში კი, ბრიტანელებს მოგზაურობის უფლება მხოლოდ ექსტრემალურ გარემოებათა შემთხვევაში აქვთ. ფორმულა 1-ის გუნდების უმეტესობა სწორედ ბრიტანეთშია ბაზირებული, ეს კი ნიშნავს, რომ ისინი ისტანბულში ჩასვლას ვერ მოახერხებენ.

0.116958