ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურში „ლივერპულმა“ გავარდნილ „ვესტ ბრომვიჩთან“ ბევრი იწვალა, მაგრამ სასიცოცხლო მნიშვნელობის გამარჯვება მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე ალისონ ბეკერმა გაიტანა!
იურგენ კლოპის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად ეს თამაში აუცილებლად უნდა მოეგო, მაგრამ ვერ იგებდა. რობსონ კანუს გოლით „ვესტ ბრომვიჩი“ დაწინაურდა და პირველივე ტაიმში მოჰამედ სალაჰმა გაათანაბრა, თუმცა, გამარჯვების გოლს „წითლები“ ვერ იტანდნენ.
მსაჯმა თამაშს 4 წუთი დაამატა, ისიც ამოწურული იყო, მეხუთე დამატებული წუთი მიმდინარეობდა, როცა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა კუთხური ჩააწოდა და საჯარიმოში ალისონი იყო. ბრაზილიელმა მეკარემ თავით დაარტყა და გოლი გაიტანა! გოლი, რომელმაც შესაძლოა „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანოს.
მერსისაიდელებს 63 ქულა აქვთ და მეხუთე ადგილზე არიან, „ლესტერს“ 3, ხოლო „ჩელსის“ ერთადერთი ქულით ჩამორჩებიან. თუმცა, საქმე ისაა, რომ დარჩენილ ორ ტურში „ლესტერი“ და „ჩელსი“ ერთმანეთსაც შეხვდებიან და ქულებს ორივე თუ არა, ერთ-ერთი ნამდვილად დაკარგავს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ლივერპული“ ორივე თამაშის მოგების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგაზე გავა და ამაში ალისონის დამსახურება ძალიან დიდი იქნება და ის ლივერპულის ისტორიაში პირველი მეკარეა, რომელმაც გოლი გაიტანა.