ფეხბურთი

20:09 | 16.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფავორიტებმა მოიგეს: მსაჯის შეცდომა და საფეხბურთო ზეიმი ბათუმში

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტური სამი მატჩით დასრულდა, რომლებიც ერთმანეთის პარალელურად გაიმართა და სამივეში ფავორიტად შერაცხულმა გუნდებმა იმარჯვეს.

ყველაზე დიდ ინტერესს ბათუმში, „დინამო ბათუმისა“ და „საბურთალოს“ მატჩი იწვევდა, სადაც გულშემატკივრებმა დიდებული გარემო შექმნეს, ფეხბურთის თამაშს რომ არაფერი სჯობს, ისეთი. გია გეგუჩაძის გუნდმა კი მეტოქეს 4:1 აჯობა და ზედიზედ მეოთხედ იმარჯვა.

ანგარიში მე-6 წუთზე გაიხსნა, თუმცა შეცდომით. საქმე ისაა, რომ ლაშა შინდაგორიძის შორი დისტანციიდან გასროლის შემდეგ მსაჯმა, გიორგი ყრუაშვილმა გოლი ჩათვალა, მაგრამ ბურთს რეალურად კარის ხაზის არ გადაუკვეთავს და არბიტრი აშკარად შეცდა, რამაც კიდევ ერთხელ გამოაშკარავა საქართველოში მსაჯების პრობლემები. ბათუმელები გოლის შემდეგაც ფლობდნენ უპირატესობას, მაგრამ ტაიმის ბოლოს საბურთალომ წონასწორობა აღადგინა. გოლი გიორგი კოხრეიძემ გაიტანა, რომელმაც თავური დარტყმით აიღო მოწინააღმდეგის კარი.

ტაიმი ფრედ დასრულდა, მაგრამ შესვენების შემდეგ მოედანზე მხოლოდ „დინამო ბათუმი“ იყო, რომელმაც მეტოქე სამჯერ დაამწუხრა. ჯერ ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტი გაიტანა, მერე კი მან ორჯერ შეასრულა საგოლე პასი, რითაც გიორგი ფანცუალაიამ და გიული მანჯგალაძემ ისარგებლეს - 4:1. ბათუმელებმა 31 ქულა დააგროვეს სატურნირო ცხრილში ლიდერები „დინამო თბილისთან“ ერთად არიან. აღსანიშნავია, რომ ბათუმში გამართულ თამაშს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლიც დაესწრო.

„დინამო თბილისმა“ შინ „თელავს“ უმასპინძლა და გათამაშების აუტსაიდერი საბა ხვადაგიანის გოლით 1:0 დაამარცხა. გიორგი ნემსაძის გუნდს გაუჭირდა, მაგრამ საბოლოოდ სასურველ შედეგს მაინც მიაღჭია და აქტივში მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა.

თბილისის „ლოკომოტივმა“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და ომარ ულად-იმრანის დიდებული თამაშის წყალობით 3:1 დაამარცხა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა დუბლი შეასრულა და თანაგუნდელებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვებისკენ გაუძღვა. „ლოკომოტივს“ 21 ქულა აქვს და მეოთხე-მეხუთე ადგილებს „საბურთალოსთან“ ერთად იყოფს.

„ლოკომოტივი“ – „სამტრედია“ 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 იმრანი (10), 1:1 კვირკვია (53), 2:1 იაკობიძე (66), 3:1 იმრანი (72)

„დინამო თბილისი“ – „თელავი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ხვადაგიანი (65)

„დინამო ბათუმი“ – „საბურთალო“ 4:1 (1:1)

გოლები: 1:0 შინდაგორიძე (6), 1:1 კოხრეიძე (42), 2:1 მამუჩაშვილი (57, პენ), 3:1 ფანცულაია (72), 4:1 მანჯგალაძე (78)

0.105464