ჩოგბურთი

0:58 | 16.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

რომის მასტერსის ფინალში ნადალი და ჯოკოვიჩი მეექვსედ შეხვდებიან

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი და მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი, რომის მასტერსის ტიტულისთვის, ერთმანეთს მეექვსედ დაუპირისპირდებიან. ამასთან, ეს მათი 57-ე შეხვედრა იქნება.

ჯოკოვიჩი ტურნირის მოქმედი ჩემპიონია. ფინალის საგზურისთვის მან 6-3, 6-7 (5), 6-2 მოუგო იტალიელ ლორენცო სონეგოს. ნადალმა კი ამერიკელი რეილი ოპელკა 6-4, 6-4 დაამარცხა.

ნადალი და ჯოკოვიჩი ერთმანეთს ბოლოს შარშან, საფრანგეთის ღიას ფინალში დაუპირისპირდნენ და ესპანელმა გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ამ ორ ჩოგბურთელს, რომის ტურნირი, ბოლო 16 სეზონში 14-ჯერ აქვს მოგებული. რომის ფინალში წინა ხუთი შეხვედრიდან, ნადალს 3 აქვს მოგებული.

ჯოკოვიჩს სონეგოს დასამრცხებლად, 3 საათი და 16 წუთი დასჭირდა. მეორე სეტის მე-12 გეიმში სერბს ორი მატჩ პოინტი ჰქონდა, მაგრამ ფორო იტალიკოზე მისული მაყურებლის გასახარად, სონეგომ ორივე მოიგერია და თამაში მესამე სეტამდე მიიყვანა.

აქ პირველ გეიმში ჯოკოვიჩმა სამი ბრეიკ პოინტი მოიგერია და ამის შემდეგ, მეტოქის დამრცხება აღარ გასჭირვებია.

„მას რომ მესამე სეტი ბრეიკით დაეწყო, შედეგი შეიძლება განსხვავებული ყოფილიყო. მხოლოდ ჩემი ბრალია ის, რომ შეხვედრა მეორე სეტში არ დავასრულე. არადა, მე ეს შემეძლო. ახლა დასვენება მჭირდება. ამისთვის ბევრი დრო არ მაქვს, მაგრამ იმედია, რაფასთან კორტზე დასვენებული ფეხებით გამოვალ“, - ამბობს ჯოკოვიჩი, ვისაც ნადალთან ურთიერთშეხვედრებში, 29 მოგება და 27 წაგება აქვს.

ნადალს რომის მასტერსი 10-ჯერ აქვს მოგებული, ორჯერ კი ფინალში დამარცხდა. კვირას გამარჯვების შემთხვევაში, ესპანელი მასტერსის 36-ე ტიტულს დაეუფლება და ჯოკოვიჩის რეკორდს გაიმეორებს.

0.148473