ფეხბურთი

0:32 | 16.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას გამარჯვების გოლით, "ანორთოსისმა" 13 წლის შემდეგ ტიტული მოიგო (+VIDEO)

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ 13-წლიანი უტიტულო პერიოდი წარსულს ჩაბარდა და თემურ ქეცბაიას გუნდმა კვიპროსის თასი მოიგო, გამარჯვების გოლი კი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. ფინალი დრამატული გამოდგა, რომელშიც ფამაგუსტელებმა ნიქოზიის „ოლიმპიაკოსი“ 120-წუთიან დრამაში, დამატებულ დროში დაამარცხეს - 2:1.

კოსტაკის არტიმატასმა 59-ე წუთზე გახსნა და ქეცბაიას გუნდი დაწინაურდა, მაგრამ ორ წუთში ნიქოზიელებმა ანგარიში გაათანაბრეს და ძირითად დროში არაფერი შეცვლილა. მატჩის გმირი ქვილითაია გახდა, რომელმაც გამარჯვების გოლი 110-ე წუთზე გაიტანა და „ანორთოსოსი“ მისი გოლით კვიპროსის თასს დაეუფლა. ვთქათ ისიც, რომ ქართველმა ფორვარდმა „ანორთოსისის“ მაისურით 2020-2021 წლების სეზონში ჩატარებულ 37 მატჩში 16 გოლი გაიტანა (14 ჩემპიონატში, 1 თასზე და 1 ევროპა ლიგაზე). ფინალურ მატჩში გიორგი ლორიამ, თორნიკე ოქრიაშვილმა და გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო მურთაზ დაუშვილი მოედანზე მხოლოდ პირველ ტაიმში იყო.

ამრიგად, „ანორთოსისმა“ კვიპროსის თასი 2007 წლის შემდეგ პირველად და ისტორიაში მე-11-ედ მოიგო. ზოგადად, ფამაგუსტელებმა ტიტული 2008 წლის შემდეგ პირველად მოიგეს, მაშინ კვიპროსის ჩემპიონები გახდნენ. სხვათა შორის, ყველა ეს ტიტული „ანორთოსისს“ თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჰქონდა მოგებული. ახლა, ქართველ სპეციალისტს სამწვრთნელო კარიერაში ორ-ორჯერ აქვს მოგებული კვიპროსის ჩემპიონატი (2005, 2008) და კვიპროსის თასი (2007, 2021), ერთხელაც კვიპროსის სუპერთასი (2007). თემურს კვიპროსის თასი ფეხბურთელის რანგშიც აქვს მოპოვებული (2003).

ქართველმა ფეხბურთელებმა, გიორგი ლორიამ, მურთაზ დაუშვილმა, თორნიკე ოქრიაშვილმა და გიორგი ქვილითაიამ კვიპროსულ კარიერაში პირველი ტიტული მოიგეს.

0.130738