ჩოგბურთი

21:18 | 15.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

რომის ტურნირის ფინალში სვიატეკი და პლიშკოვა შეხვდებიან

საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონმა, პოლონელმა იგა სვიატეკმა ერთ დღეში ორი შეხვედრა გამართა და ფინალის საგზური მოიპოვა. იქ მისი მეტოქე, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ჩეხი კაროლინა პლიშკოვა იქნება.

პლიშკოვას რომის ტურნირი 2019 წელს აქვს მოგებული, შარშან კი ფინალში რუმინლ სიმონა ჰალეპს შეხვდა და ტრავმის გამო, შეხვედრა ბოლომდე ვერ მიიყვანა. ამჯერად ნახევარფინალში მან ხორვატ პეტრა მარტიჩს 6-1, 3-6, 6-2 მოუგო.

სვიატეკმა მეოთხედფინალში, ტურნირის ორგზის ჩემპიონი, უკრაინელი ელინა სვიტოლინა 6-2, 7-5 დაამარცხა. ეს შეხვედრა პარასკევს უნდა გამართულიყო, მაგრამ წვიმის გამო გადაიდო. 19 წლის ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე, ამერიკელი კოკო გოფი იყო, რომელიც 7-6(3), 6-3 დაამარცხა და კარიერაში პირველად გავიდა WTA 1000-ის ტურნირის ფინალში.

17 წლის ამერიკელმა შვიდი ესისი მოაწოდა, მაგრამ ხუთჯერ ორმაგი შეცდომა დაუშვა და მეორე მოწოდებაზეც ქულების მოპოვება უჭირდა. სვიატეკს სულ ოთხი ბრეიკ პოინტი ჰქონდა, რომელთაგან სამი გამოიყენა.

0.111803