ნოვაკ ჯოკოვიჩის და სტეფანოს ციციპასის მეოთხედფინალური შეხვედრა პარასკევს დაიწყო და წვიმის გამო, დღეს დასრულდა. დაძაბულ პაექრობაში, სერბმა 4-6, 7-5, 7-5 დაამარცხა თავისი ბერძენი მეტოქე და ნახევარფინალში დღესვე იტალიელ ლორენცო სონეგოს დაუპირისპირდება.
სერბმა იმაზე გაცილებით მეტი შეცდომა დაუშვა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. პირველი სეტის მოგების შემდეგ, ციციპასი მეორე სეტის დასაწყისშივე ყველანაირად ეცადა მეტოქის მოწოდებაზე გეიმის მოგებას, მაგრამ მესამე გეიმში პირიქით მოხდა. წვიმა მალევე წამოვიდა, თუმცა თამაში არ შეწყვეტილა და მალე ბერძენმა ანგარიში გაათანაბრა.
მერვე გეიმში, როცა ანგარიში 4-4 იყო, ჯოკოვიჩმსა ბრეიკ პოინტი მიიღო. ციციპასი მისი მოწოდების გადარჩენას ეცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. თუმცა მეტოქეს ბრძოლა მომდევნო გეიმშივე გაუმართა. მაგრამ მისგან განსხვავებით, ჯოკოვიჩმა არ დათმო და მალე სეტებში ანგარიშიც გაათანაბრა.
მესამე სეტი ციციპასმა უკეთ დაიწყო და მალე 3-1 დაწინაურდა. მერვე გეიმში ჯოკოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა. მაგრამ მალე ციციპასი ისევ დაწინაურდა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ისევ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და მე-12 გეიმში გამარჯვებას მიაღწია.
„დღევანდელ შეხვედრაზე ბევრი რამის თქმა შემიძლია. თითქოს ორი შეხვედრა გვქონდა. გუშინ ის უკეთ თამაშობდა და დღესაც უკეთ დაიწყო. მე ნერვების მოთოკვა შევძელი და გადამწყვეტ მომენტში მისი მოწოდება გადამწყვეტ მომენტებში ავიღე“, - განაცხადა ჯოკოვიჩმა.