კატალონიის „ბარსელონაში“ სეზონის დასრულების შემდეგ საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი. Mundo Deportivo-ს ცნობით, პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ძალიან უკმაყოფილო და გაბრაზებულია გუნდის მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგებით.
ლაპორტა განსაკუთრებით ბოლო ტურში „ლევანტესთან“ ფრემ (3:3) გააცხარა. რის შედეგადაც „ბლაუგრანამ“ ჩემპიონობის შანსი პრაქტიკულად დაკარგა. ამრიგად, წყაროს თანახმად, რონალდ კუმანის ბედი გაურკვეველია და მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდელს კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს, ლაპორტა მის დათხოვნას სერიოზულად განიხილავს.
ზაფხულში ცვლილებები მოხდება შემადგენლობაშიც. თითქმის გადაწყვეტილია, რომ გუნდს ნეტო, სამუელ უმტიტი, მარტინ ბრაითვაითი, ფილიპე კოუტინიო და მირალემ პიანიჩი დატოვებენ, ხოლო ერიკ გარსია, სერხიო აგუერო, მემფის დეპაი და ჟორჟინიო ვეინალდუმი კატალონელთა მთავარი სამიზნეები არიან.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „ბარსელონა“ მესამე ადგილზეა და ლიდერ მადრიდის „ატლეტიკოს“ 4 ქულით ჩამორჩება.