ფეხბურთი

18:40 | 12.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმის" ზედიზედ მესამე და "ლოკომოტივის" ნანატრი გამარჯვება

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურში „დინამო ბათუმი“ „სამტრედიას“ ეწვია და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, რის შედეგადაც წარმატებული სერია განაგრძო.

გია გეგუჩაძის გუნდს პრობლემები არ შექმნია და მარტივად, პირველ ტაიმში გატანილი გოლებით იმარჯვა. ანგარიში ლაშა შინდაგორიძემ გახსნა, რომელმაც ბათუმელთა მაისურით თავი პირველად გამოიჩინა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კი გიორგი ფანცულაიამ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, რადგან მეორე ტაიმში არაფერი შეცვლილა. უნდა აღინიშნოს, რომ გია ცეცაძის გუნდმა პირველი ტაიმის შუაწელიდან მოყოლებული კაცნაკლულმა ითამაშა. „დინამო ბათუმს“ 28 ქულა აქვს და ლიდერია, ხოლო „სამტრედია“ 9 ქულით მეცხრე ადგილზეა.

თბილისის „ლოკომოტივი“ ქობულეთის „შუქურას“ ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, რითაც მოუგებელ სერიას წერტილი დაუსვა. გიორგი ჭიაბრიაშვილის გუნდი ახლაც ახლოს იყო მორიგი ქულების განიავებასთან, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ულად ომარ იმრანმა გაიტანა და „ლოკოს“ გამარჯვება მოუტანა, რის შედეგადაც თბილისიელებმა 18 ქულა დააგროვეს და მეხუთე პოზიციაზე არიან, ხოლო „შუქურა“ 14 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

„შუქურა“ – „ლოკომოტივი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 იმრანი (90)

„სამტრედია“ – „დინამო ბათუმი“ 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 შინდაგორიძე (34), 0:2 ფანცულაია (45)

0.579096