ფეხბურთი

22:16 | 11.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "ჩელსი" რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია, ლამპარდის დამსახურებაცაა"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა მისი გუნდის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაში ფრენკ ლამპარდის წვლილი გამოარჩია. გერმანელის აზრით, ინგლისელმა სპეციალისტმა მას დიდი მემკვიდრეობა დაუტოვა.

„გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ჯგუფურ ეტაპს წარმატებით დაძლევს. „ჩელსიმ“ კი ფრენკ ლამპარდის მეთაურობით ჯგუფში საოცარი შედეგი აჩვენა. სწორედ ეს ქმნის საფუძველს ფინალში გასვლისთვის და მე ეს არასდროს დამავიწყდება. აქ ჩამოსვლის პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ ფრენკმა შექმნა საკუთარი მემკვიდრეობა „ჩელსიში“ და ეს დამსახურებული იყო.

მე გუნდს შუა სეზონში შევუერთდი და ჩემი მოვალეობა იყო ლამპარდის დაწყებული საქმის გაგრძელება. ის ამ კლუბის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფეხბურთელი და მთავარი ფიგურაა, როდესაც „ჩელსიზე“ ფიქრობ, ფრენკ ლამპარდზე ფიქრობ. მან წარმატებები მისურვა, ძალიან სასიამოვნო და თავაზიანი იყო. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ეს შეტყობინება მივიღე“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, რომ ტომას ტუხელმა „ჩელსი“ 26 იანვარს 18-თვიანი კონტრაქტით ჩაიბარა. მან გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, ხოლო პრემიერლიგაში 64 ქულით მესამე ადგილზეა.

0.113068