ფეხბურთი

17:24 | 11.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი "იუვენტუსს" ტოვებს: "ლამაზი თავგადასავალი სრულდება, ამ კლუბისთვის ყველაფერი გავიღე"

ტურინის „იუვენტუსს“ სეზონის დასრულების შემდეგ ჯანლუიჯი ბუფონი დატოვებს. ეს ინფორმაცია 43 წლის მეკარემ BeIN Sports-სთან ინტერვიუში თავად გაავრცელა. როგორც ლეგენდარულმა კარის დარაჯმა აღნიშნა, მისი ტურინული გამოცდილება საბოლოოდ სრულდება.

„ჩემი მომავალი ნათელი და გამოკვეთილია. „იუვესთან“ ეს ძალიან ლამაზი და გრძელი გამოცდილება წელს საბოლოოდ დასრულდება. ან თამაშს შევწყვეტ ან თუ აღმოვაჩენ სიტუაციას, რომელიც თამაშის მოტივაციას მომცემს ან ცხოვრების განსხვავებულ გამოცდილებას მომიტანს, ამას გავითვალისწინებ. ვფიქრობ, რომ „იუვესთვის“ ყველაფერი გავიღე და მეც ყველაფერი მივიღე, ამაზე მეტი არ შეიძლება. ჩვენ მივაღწიეთ ეპოქის დასასრულს და ეს ნაბიჯი სწორია“, - განაცხადა ბუფონმა.

შეგახსენებთ, ჯანლუიჯი ბუფონის ტურინული კარიერა ორ ნაწილად იყოფა. 2001 წელს ის „იუვემ“ „პარმადან“ შეიძინა და ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა. ტურინელთა კარს ჯიჯი 2018 წლამდე ერთგულად და ძალიან მაღალ დონეზე იცავდა, ხოლო შემდეგ კონტრაქტი ამოეწურა და კარიერა „პარი სენ ჟერმენში“ განაგრძო, თუმცა, 2019 წელს „იუვეს“ დაუბრუნდა.

მთლიანობაში ბუფონმა „იუვენტუსში“ 19 სეზონი გაატარა, 21 ტიტული მოიგო, მათ შორის, 10 სკუდეტო და 683 თამაში ჩაატარა. იტალიური კლუბის რიგებში უფრო მეტჯერ მხოლოდ ალესანდრო დელ პიეროს აქვს ნათამაშები (705).

0.109155