ფეხბურთი

10:25 | 11.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

პირლომ სეზონში იმდენივე საშინაო თამაში წააგო, რამდენიც ალეგრიმ ხუთ სეზონში

ანდრეა პირლოს სამწვრთნელო კარიერა იდეალურად არ დაწყებულა და ტურინის „იუვენტუსი“, რომელიც მანამდე ზედიზედ 9 წელი იტალიის ჩემპიონი ხდებოდა, ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩენასთან ძალიან ახლოსაა.

მიმდინარე სეზონში პირლოს ხელმძღვანელობით „იუვემ“ სერია A-ში 3 საშინაო მატჩი წააგო („ფიორენტინასთან“ 0:3, „ბენევენტოსთან“ 0:1, „მილანთან“ 0:3) და ეს ზუსტად ის რაოდენობაა, რაც მასიმილიანო ალეგრის პერიოდში ხუთ სეზონში დაფიქსირდა. ალეგრის თავკაცობით ტურინელებმა 2014-2019 წლებში „ალიანც სთედიუმზე“ ასევე 3 თამაში წააგეს („უდინეზესთან“ 0:1 2015-2016 წლების სეზონში, „ლაციოსთან“ 1:2 და „ნაპოლისთან“ 0:1 2017-2018 წლების სეზონში). რასაკვირველია, ეს სტატისტიკაც მიანიშნებს პირლოსა და „იუვენტუსის“ რთულ ყოფაზე.

ყველა ტურნირს თუ გავითვალისწინებთ, პირლოს გუნდმა ერთი საშინაო თამაში ჩემპიონთა ლიგაზეც წააგო („ბარსელონასთან“ 0:2), ხოლო ალეგრის ხუთ სეზონში სერია A-ს გარდა, „იუვე“ შინ ოთხჯერ წააგო (სამჯერ ჩემპიონთა ლიგაზე „რეალთან“, „მანჩესტერთან“, „აიაქსთან“ და ერთხელ იტალიის თასზე „ფიორენტინასთან“).

შეგახსენებთ, „იუვენტუსი“ სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე 69 ქულით მეხუთე ადგილზეა და ოთხეულს ქულა აშორებს, მაგრამ წინ კონკურენტებთან შედარებით მძიმე კალენდარი აქვს („სასუოლო“, „ინტერი“, „ბოლონია“), რასაც ისიც ემატება, რომ მასზე წინ მყოფ „მილანთან“ (3:1, 0:3), „ატალანტასთან“ (1:1, 0:1) და „ნაპოლისთან“ (0:1, 2:1) ურთიერთშეხვედრებში უარესი შედეგი აქვს, რაც თანაბარი ქულების შემთხვევაში პრიორიტეტულია.

0.114038