ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 35-ე ტურში „მილანთან“ უმნიშვნელოვანესი მატჩი 0:3 წააგო და უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუმ გეგმები არ შეცვალა და მარანელოში ფერარის ესტუმრა.
რონალდუ იტალიურ საჯინიბოში „იუვენტუსის“ პრეზიდენტ ანდრეა ანიელისთან და მფლობელ ჯონ ელკანთან ერთად იმყოფებოდა. სწორედ ისინი ფლობენ ფერარისაც. ეს ვიზიტი ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა და „მილანთან“ მარცხმა გეგმები ვერ შეცვალა.
36 წლის პორტუგალიელმა ორშაბათს გუნდთან ერთად არ ივარჯიშა და მარანელოში მივიდა, სადაც ფერარის პილოტებს, შარლ ლეკლერსა და კარლოს საინსს შეხვდა. რაც მთავარია, იტალიური მედიის ცნობით, კრიშტიანუმ ფერარის Monza-ს მოდელი შეიძინა, რომლის საბაზრო ღირებულება 1.6 მილიონ ევროს შეადგენდა.
შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში“ 2018 წლიდან თამაშობს და კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. ბოლო ხანებში ხშირად ვრცელდება ცნობა, რომ ის ზაფხულში ტურინულ გრანდს დატოვებს.