ჩოგბურთი

0:41 | 10.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზვერევი მადრიდის ღიას ჩემპიონი მეორედ გახდა

მადრიდის ღია პირველობის ფინალში, გერმანელმა ალექსანდერ ზვერევმა 6-7(8), 6-4, 6-3 მოუგო იტალიელ მატეო ბერეტინის და მასტერს 1000-ის მეოთხე ტიტულს დაეუფლა. ამასთან, მეორედ გახდა მადრიდის ტურნირის ჩემპიონი (პირველად 2018 წელს მოიგო).

ზვერევმა ფინალის გზაზე რაფაელ ნადალი და აშშ-ს ღიას ჩემპიონი, ავსტრიელი დომინიკ თიმი ჩამოიტოვა და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საფრანგეთის ღია პირველობის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება.

მადრიდის ტურნირზე თამაშისას, ზვერევმა პირველი სეტი სწორედ ფინალში დათმო და ისიც, ტაიბრეიკზე. თუმცა შემდეგ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა და 2019 წლის შემდეგ, თიხნარ კორტზე პირველი ტიტული მოიპოვა.

ბერეტინიმ პირველი სეტის ტაიბრეიკზე ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა. თავიდან ის 0-5 აგებდა, შემდეგ სეტ პოინტი მოიგერია და საბოლოოდ, სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მომდევნო სეტებში საქმე ტაიბრეიკამდე აღარ მისულა. გერმანელმა ბრეიკს მეორე სეტის მეცხრე გეიმში მიაღწია და მომდევნო გეიმში, სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მესამე სეტში, როცა ანგარიში 2-2 იყო, იტალიელმა ბრეიკ პოინტი ვერ გამოიყენა. უფრო მეტიც, საკუთარ მოწოდებაზე დათმო გეიმი. ბოლოს ზვერევმა კიდევ ერთ ბრეიკს მიღწია და შეხვედრას გამარჯვების წერტილი დაუსვა. შეხვედრა 2 საათი და 40 წუთი გრძელდებოდა.

0.115094