ავტოსპორტი

22:50 | 9.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

მერსედესის ზუსტი სტრატეგია და ჰამილტონის უბადლო შესრულება ბარსელონაში

ლუის ჰამილტონმა ისევ მოიგო, ამჯერად ესპანეთის დიდი პრიზი. მოიგო იმის მიუხედავად, რომ სტარტზე მაქს ფერსტაპენმა გაასწრო და ერთხანს დამაჯერებლადაც ლიდერობდა. მაგრამ „მერსედესმა“ ისევ სწორი სტრატეგია აირჩია და ჰამილტონმაც ყველაფერი ზუსტად შეასრულა.

გადამწყვეტი მომენტი მაშინ დადგა, როცა ფერსტაპენმა პირველი პიტ სტოპი შეასრულა (როგორც აღმოჩნდა, გუნდს ბოქსში არ გამოუძახებია). ამ დროს მოსალოდნელი იყო, რომ მომდევნო წრეზე რეზინს ჰამილტონსაც შეუცვლიდნენ. მაგრამ ასე არ მოხდა. ბრიტანელმა თავის პირველ პიტსტოპამდე კიდევ ხუთი წრე გაიარა.

ამით ჰამილტონმა 5 წამი დაკარგა, მაგრამ მალევე ამოქაჩა. თუმცა გასწრებას ვერ ახერხებდა. და... ფინიშამდე 24 წრით ადრე, მას ისევ ბოქსებში უხმეს. მეორე პიტსტოპის შემდეგ, ჰამილტონი ლიდერს უკვე 22 წამით ჩამორჩა. ფინიშამდე 6 წრით ადრე, ფერსტაპენს ამ უპირატესობიდან აღარაფერი დარჩა.

ჰამილტონს გაცილებით ახალი საბურავების უპირატესობა ჰქონდა და მან ის შესანიშნავად გამოიყენა. სტარტ-ფინიშის სწორზე პირველივე შეტევა გასწრებით დააგვირგვინა და გამარჯვება პრაქტიკულად გაინაღდა. ეს მისი 98-ე გამარჯვებაა, რის შემდეგაც, კლასიფიკაციაში ფერსტაპენი 14 ქულით ჩამოიტოვა.

ჰამილტონი ფორმულა 1-ში მე-15 სეზონს ატარებს და ასე დამაჯერებლად ადრე არცერთი დაუწყია. არადა, „მერსედესს“ და „რედ ბულს“ დაახლოებით თანაბარი შესაძლებლობები აქვთ. ნარბოლევს ჰამილტონმა განაცხადა, რომ იმ 60 წრის განმავლობაში, რაც მდევრის როლში გაატარა, ფერსტაპენი კარგად შეისწავლა.

„მაქსის შესახებ დღეს ბევრი რამ გავიგე, ალბათ უფრო მეტი, ვიდრე წინა რბოლებში, ერთად აღებული. ამ მხრივაც, ეს კარგი რბოლა იყო. როდესაც ტრეკზე ხარ, ახლოდან ბევრ რამეს ამჩნევ. დღეს მის მანქანაზე და სტილზე ბევრი რამ გავიგე“, - ამბობს ჰამილტონი.

მას შემდეგ, რაც ჰამილტონმა ჩამოიტოვა, ფერსტაპენს ისღა დარჩენოდა, ბოქსებში კიდევ ერთხელ შესულიყო ახალი საბურავებისთვის, რათა უსწრაფესი წრე მაინც დაეფიქსირებინა და ამისთვის ერთი ბონუს ქულა მიეღო. მას ეს არ გასჭირვებია.

ესპანეთის დიდი პრიზი

ბარსელონა, დისტანცია 308.424 კმ (4.675 კმ, 66 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:33:07.680
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 15.841
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 26.610
  4. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 54.616
  5. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 1'03.671
  6. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1'13.768
  7. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 1'14.670
  8. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  9. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1 წრე
  10. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1 წრე
  11. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1 წრე
  12. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  13. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1 წრე
  14. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1 წრე
  15. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე
  16. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1 წრე
  17. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1 წრე
  18. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 2 წრე
  19. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 2 წრე
  20. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 60 წრე

უსწრაფესი წრე: მაქს ფერსტაპენი - 1:18.149 (62-ე წრე, 215.357 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 94 ქულა; 2. მაქს ფერსტაპენი - 80; 3. ვალტერი ბოტასი - 47; 4. ლანდო ნორისი - 41; 5. შარლ ლეკლერი - 40; 6. სერხიო პერესი - 32; 7. დანიელ რიკარდო - 24; 8. კარლოს საინსი - 20; 9. ესტებან ოკონი - 10; 10. პიერ გასლი - 8; 11. ლანს სტროლი და ფერნანდო ალონსო - 5; 13. იუკი ცუნოდა - 2

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 141 ქულა; 2. რედ ბულ-ჰონდა - 112; 3. მაკლარენ-მერსედესი - 65; 4. ფერარი - 60; 5. ალპინ-რენო - 15; 6. ალფატაური-ჰონდა - 10; 7. ასტონ მარტინ-მერსედესი - 5

0.205036