ფეხბურთი

12:30 | 9.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ამ წაგებას გაკვეთილად გამოვიყენებთ"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ლონდონის „ჩელსისთან“ მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა კარგად ითამაშა და ამ მარცხს გაკვეთილად გამოიყენებენ.

„დაძაბული თამაში მთლიანობაში კარგად ჩავატარეთ. პირველი ტაიმის ბოლოს პენალტი ვერ გამოვიყენეთ, აგუერომ თავად მიიღო გადაწყვეტილება როგორ უნდა დაერტყა, მან ასე გადაწყვიტა და დასამატებელი არაფერია. ეს ფეხბურთია, ხდება. შემდეგ ჯერზე ვეცდებით თერთმეტმეტრიანი გამოვიყენოთ, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.

„ჩელსი“ ტოპგუნდია, მაგრამ ჩვენ უკეთესად ვთამაშობდით. ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა, ბოლოს გატანა მათ მოახერხეს. 21 დღეში ისევ შევხვდებით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში. დღევანდელ თამაშს გაკვეთილად გამოვიყენებთ და ჩემპიონობის მოსაპოვებლად საჭირო ქულები უნდა მოვიპოვოთ“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, „მანჩესტერ სიტის“ ინგლისის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად დარჩენილ სამ ტურში ორი ქულა სჭირდება. ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი „ჩელსის“ 29 მაისს შეხვდება.

0.115078