სხვა

3:46 | 9.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯიროს პირველი ეტაპი ფილიპო განამ მოიგო

იტალიელმა ფილიპო გალამ, ჯირო დ’იტალიას პირველი ეტაპი, დროზე ინდივიდუალური რბოლა მოიგო და ლიდერის ვარდისფერ მაისურს დაეუფლა. განა დროზე რბოლებში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია და მან ჯიროს პირველი ეტაპი გასულ წელსაც მოიგო.

იმის მიუხედავად, რომ ჯიროს დაწყებამდე, განამ დროზე რბოლა ორჯერ წააგო, პირველი ეტაპის ფავორიტად მაინც ის ითვლებოდა. „ინეოს გრენადერსის“ მრბოლმა მოლოდინი სრულად გაამართლა. ტურინის ქუჩებში გამავალი 8.6-კილომეტრიანი დისტანცია მან 8 წუთსა და 47 წამში გაიარა და 10 წამით აჯობა თანამემამულე ედოარდო აფინის (ჯუმბო-ვისმა). რბოლის მონაწილეთაგან, მხოლოდ ამ ორმა შეძლო დისტანციის 9 წუთზე ნაკლებში გავლა. მესამე ადგილი ნორვეგიელმა ტობიას ფოსმა (ჯუმბო-ვისმა) დაიკავა, ვინც გამარჯვებულს 13 წამით ჩამორჩა.

„ბოლოს და ბოლოს, დროზე რბოლა ისევ მოვიგე. ბოლო გამარჯვებიდან დიდი დრო გავიდა. ძალიან მიხარია. ვგრძნობდი, თითქოს რბოლისთვის მზად არ ვიყავი. რომანდიის ტურის შემდეგ, არც კარგი განწყობა მქონდა“, - ყვება განა.

მას რბოლის დასაწყისიდან, გუნდთან დამაკავშირებელი რადიო გაუფუჭდა და ტრასის გასწვრივ ჩამწკრივებული მაყურებლისგან იგებდა, რა ტემპში მოძრაობდა.

„რადიოთი არაფერი მესმოდა. ამიტომ საკუთარ თავს ვუთხარი, თავი არ დამეზოგა და ტრასის გასწვრივ მყოფი მაყურებლისთვის მომესმინა. თუ ისინი აღტაცებით მხვდებოდნენ, ესე იგი, კარგი ტემპი მქონდა. ასე მივაღწიე ამ გამარჯვებას“.

მეოთხე ადგილს დასჯერდა პორტუგალიელი ჟოაო ალმეიდა (დესონინკ-ქვიკ-სტეპი), ვინც შარშანდელ ჯიროს 15 დღე ლიდერობდა. ის განას 17 წამით ჩამორჩა და ორი წამით აჯობა ბელგიელ თანაგუნდელ რემკო ევენპოელს, ვინც ცხრათვიანი პაუზის შემდეგ, პირველ რბოლაში ასპარეზობს.

ევენპოელს ლომბარდიის რბოლის (აგვისტოში) დროს, მძიმე ინციდენტი შეემთხვა, რა დროსაც, ხის მოაჯირს დაეჯახა და ხევში ჩავარდა. ბელგიელმა ამ შემთხვევისას, მენჯის ძვლის მოტეხილობა მიიღო და მარჯვენა ფილტვიც დაუზიანდა.

სხვა ფავორიტები, მათ შორის კოლუმბიელი ეგან ბერნალი (ინეოს გრენადერსი), ჯიროს ორგზის ჩემპიონი, იტალიელი ვინჩენცო ნიბალი (ტრეკ-სეგაფრედო) და შარშანდელი ვიცე ჩემპიონი, ავსტრალიელი ჯეი ჰინდლი (ტიმ DSM), განას 39 და მეტი წამით ჩამორჩნენ.

მეორე ეტაპზე მონაწილეებს მეტწილად სწორ გზაზე ასპარეზობა ელით. დისტანცია 179 კილომეტრია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116021