ფეხბურთი

1:23 | 9.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსიმ“ „სიტის“ ვადამდელი ჩემპიონობა არ დაანება

პრემიერლიგაში შაბათის სათამაშო დღის აფიშაზე, ერთი მატჩის ანონსი განსაკუთრებით ჭრიდა თვალს: „მანჩესტერ სიტი - „ჩელსი.“ გუნდები, რომლებიც 29 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში უნდა შეხვდნენ ერთმანეთს.

კიდევ, გამარჯვების შემთხვევაში „სიტი“ ვადამდე ხდებოდა ინგლისის ჩემპიონი. ასეულობით მათი ქომაგი შეიკრიბა სტადიონთან ჩემპიონობის საზეიმოდ მაგრამ...

საფეხბურთო იღბალმა ისინი ამ სეზონში სამ ტურნირში შეჰყარა ერთმანეთს. ინგლისის თასზე ლონდონელებმა იყოჩაღეს - 1:0 მოიგეს ნახევარფინალში. ჩემპიონატის პირველ წრეში კი „ქალაქელებმა“ იმარჯვეს (3:1), წინ კი სეზონის მთავარი მატჩია...

ამჯერად, ტომას ტუხელის შეგირდებმა წინა წაგებისთვის შური იძიეს, თუმცა შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. არ იყო ჩვეული დინამიკა და საგოლე მომენტები. ერთობ უფრთხოდნენ მოწინააღმდეგეები ერთმანეთს. ამიტომაც, ცოტა უცნაურად გამოჩნდა, როცა ტაიმის მიწურულს რაჰიმ სტერლინგმა ანგარიში გახსნა. რამდენიმე წუთში უფრო დაწინაურებაც შეეძლოთ, პენალტი მოიპოვეს, მაგრამ სერხიო აგუერომ „პანენკა“ მოინდომა და ედუარ მედიმ აუღო.

მეორე ტაიმშიც სტუმართა გოლები თითქოს კონტექსტიდან ამოგლეჯილს ჰგავდა. იმიტომ, რომ შეხვედრა ისევ მწვავე ჩხვლეტების გარეშე მიმდინარეობდა. თუმცა, ჰაკიმ ზიეშმა და უკვე წამატებულ წუთებზე მარკოს ალონსომ, ერთი შეხედვით, შეუძლებელი შეძლეს და „ჩელსი“ ლონდონში სამი ქულით გაბრუნდა.

ისე, სატურნირო ინტრიგის მხრივ, ეს გამარჯვება სტუმრებს მეტად სჭირდებოდათ. თუმცა, ყველა იმ აზრზე რჩება, რომ 29-ში სულ სხვა სცენარის დაპირისპირებას ვიხილავთ.

„21 დღეში ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში შევხვდებით. დღევანდელ მატჩს კი გაკვეთილად გამოვიყენებთ და ვნახოთ.“ - თქვა შემდეგ მასპინძელთა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ.

სტუმართა დამრიგებელმა, ტომას ტუხელმა კი დაამატა: აგუეროს პენალტი რომ გაეტანა, ჩვენთვის ყველაფერი დამთავრდებოდაო.

მრავალტანჯულმა „ლივერპულმა“ „საუთჰემპტონს“ 2:0 მოუგო და ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის თეორიული შანსი შეინარჩუნა. ახლა მათთვის, როგორც მწვრთნელები იტყვიან ხოლმე, ყველა დარჩენილი მატჩი ფინალივითაა. ასე იყო „წმინდანებთანაც.“ „წითლებმა“ შესანიშნავდ ითამაშეს, მთელი შეხვედრის განმავლობაში ძალიან მაღალი ტემპი შესთავაზეს მოწინააღმდეგეს, მომენტს მომენტზე ქმნიდნენ და რალფ ჰაზენჰიუტლის შეგირდებმა საფეხბურთო ღმერთს მადლობა უნდა გადაუხადონ გამანადგურებელი ანგარიშით რომ არ დამარცხდნენ.

ნახევარი საათის თავზე ჯერ სადიო მანემ გაიტანა, ბოლო წუთზე კი თავისი პირველი ლივერპულური გოლი მიითვალა ტიაგუ ალკანტარამ.

„ლიდსმა“ „ტოტენჰემს“ 3:1 მოუგო. მართლაც, პრემიერლიგის ყველაზე გამოუცნობი გუნდი სწორედ „ლიდსია.“ მათ ნებისმიერთან შეუძლიათ წააგონ და ასევე ნებისმიერს მოუგონ. ამჯერად მათი მსხვერპლი ჩრდილოლონდონური კლუბი აღმოჩნდა.

„ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენზე ძლიერ გუნდებთან შეხვედრებში მათ ტოლ-სწორად გამოვჩნდეთ. ამისათვის აუციულებელია ერთგვარი ავანტიურიზმის გამოვლენაც. დღეს ჩვენ ეს შევძელით.“ - დასძინა შემდეგ ლიდსელთა არგენტინელმა თავკაცმა, მარსელლო ბიელსამ.

ინგლისი

პრემიერლიგა. 35-ე ტური. 8 მაისი

სიტი - ჩელსი 1:2

მანჩესტერი. „ეტიჰადი“

1:0 სტერლინგი (44), 1:1 ზიეში (63), 1:2 ალონსო (90+2)

45+3 წუთზე აგუერომ ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

სიტი: ედერსონი, ლაპორტი, დიაში, აკე, ბენჟამენ მენდი (ზინჩენკო 80), კანსელუ, როდრი, ტორესი (გიუნდოგანი 71), სტერლინგი, აგუერო (ფოდენი 70), ჟეზუსი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

ჩელსი: ედუარ მენდი, ასპილიკუეტა, კრისტენსენი (ზუმა 45+3), რუდიგერი, ჯეიმსი, ალონსო, კანტე (ჟორჟინიო 68), გილმორი, ზიეში (ჰადსონ-ოდოი 76), პულიშიჩი, ვერნერი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

მსაჯი: ენტონი ტეილორი

გაფრთხილება: სტერლინგი (12), ჟეზუსი (90)

ლივერპული - საუთჰემპტონი 2:0

ლივერპული. „ენფილდი“

1:0 მანე (31), 2:0 ალკანტარა (90)

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, უილიამსი, ფილიპსი, რობერტსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი, ალკანტარა, ჟოტა (ფირმინო 79), სალაჰი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 87), მანე (ჯონსი 90+3)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

საუთჰემპტონი: ფორსტერი, უოკერ-პიტერსი, ვესტერგორი, ბედნარეკი, სტივენსი, უორდ-პროუსი, არმსტრონგი, რედმონდი, ტელა (ობაფემი 66), უოლკოტი (დიალო 66), ადამსი (ჯენელო 79)

მწვრთნელი: რალფ ჰაზენჰიუტლი

მსაჯი: კევინ ფრენდი

გაფრთხილება: რედმონდი (61)

ლიდსი - ტოტენჰემი 3:1

1:0 დალასი (13), 1:1 სონი (25), 2:1 ბემფორდი (42), 3:1 როდრიგო (84)

შეფილდი - კრისტალ პალასი 0:2

0:1 ბენტეკე (2), 0:2 ეზე (88)

0.119874