ჩოგბურთი

1:19 | 9.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

არინა საბალენკა მადრიდის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა

ბელარუსი არინა საბალენკას გამარჯვებით დასრულდა მადრიდის ღია პირველობა. ფინალში მან მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ავსტრალიელ ეშლი ბარტის 6-0, 3-6, 6-4 მოუგო. ტურნირზე ტრიუმფის გარდა, საბალენკამ ორი კვირით ადრე, შტუტგარტის ტურნირის ფინალში, იმავე ბარტისთან წაგებისთვის, რევანში აიღო.

არადა იყო მომენტი, როცა ავსტრალიელს შტუტგარტული გამარჯვების გამეორების შანსი მიეცა - პირველი სეტის მშრალად წაგების შემდეგ, მან სეტებში ანგარიში გაათანაბრა და ერთგვარი ფსიქოლოგიური უპირატესობა მიიღო. მაგრამ საბალენკა არ გატყდა და კარიერაში მე-10 ტიტულს დაეუფლა.

მადრიდულ ფინალამდე, ბარტის თიხნარ კორტებზე თითქმის ორი წელი არ წაეგო. მისი გამარჯვებათა სერია 2019 წლის როლან გაროსზე ტრიუმფით დაიწყო და მადრიდში, 23 წლის საბალენკასთან მარცხით შეწყდა.

საბალენკას ყველაფერი კარგად გამოსდიოდა, განსაკუთრებით პირველი მოწოდება. ასევე კარგად თამაშობდა უკანა ხაზიდან და მეტოქის მიმართულებით მძლავრი დარტყმებით გზავნიდა ბურთს. და თუ საჭირო იყო, თავს ზევიდან დარტყმებითაც აგროვებდა ქულებს. პირველი სეტის მოსაგებად მან სულ რაღაც, 25 წუთი იმყოფინა.

ბარტი ფინალამდე ისე იყო მისული, ერთი სეტიც არ წაეგო. ამჯერად კი მშრალად დათმო. მაგრამ მეორე სეტის პირველივე გეიმში შეძლო მეტოქის მოწოდების აღება. მართალია, საბალენკამ მომდევნო გეიმშივე გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ ავსტრალიელმა კიდევ ერთხელ მიაღწია ბრეიკს და ამჯერად უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.

მესამე სეტში, თავიდან ორივე ჩოგბურთელი საკუთარ გეიმს იგებდა. გადამწყვეტი მომენტი კი მეცხრე გეიმში დადგა, როცა საბალენკამ პირველ ჩოგანს მოწოდება აუღო, მერე თავის მოწოდებაზე კიდევ ერთი გეიმი მიითვალა და შეხვედრაც გამარჯვებით დაასრულა.

0.146198