ფეხბურთი

0:43 | 9.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძის დუბლი, საგოლე პასი და სეზონში 22 გოლი! "სერენი" ბელგიის უმაღლეს ლიგაში აღზევდა

„სერენი“ ბელგიის იუპილერ ლიგაში აღზევდა და ამაში ყველაზე დიდი წვლილი გიორგი მიქაუტაძემ შეიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა „ვაასლან-ბევერენთან“ პლეი-ოფის საპასუხო და გადამწყვეტ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საგოლე პასი მიითვალა, რითაც ცხადია, მატჩის გმირი გახდა!

„სერენმა“ „ბევერენთან“ ერთი კვირის წინ შინ 1:1 ითამაშა და მაშინ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გიორგიმ გაიტანა გოლი. ამჯერადაც კი მისმა გუნდმა სტუმრად 5:2 მოიგო. 22-ე წუთზე მიქაუტაძემ ანგარიში პენალტით გაათანაბრა (1:1), ხოლო 62-ე წუთზე საგოლე პასი მიითვალა და გატანაში ვაგან ფაიეს დაეხმარა, რომელმაც თავისიანები დააწინაურა (3:2).

70-ე წუთზე მიქაუტაძემ თავად კიდევ ერთხელ გაიტანა, დუბლი შეასრულა და უპირატესობა გაზარდა - 4:2. „სერენმა“ ორი მატჩის ჯამში „ვაასლანდ-ბევერენს“ 6:3 მოუგო, 20 წლის ქართველმა შემტევმა 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.

შეგახსენებთ, რეგულარულ სეზონში გიორგი 19 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მთლიანად სეზონი კი 23 მატჩში 22 გოლით(!) დაასრულა და „სერენი“ მომდევნო სეზონში ბელგიის უმაღლეს დივიზიონში ითამაშებს, რაც პატარა კლუბის ისტორიაში დაუჯერებელი წარმატებაა. ამაში კი ყველაზე დიდი წვლილი 20 წლის ფეხბურთელმა შეიტანა, რომელსაც საოცარი სეზონი ჰქონდა. მიქაუტაძე „სერენში“ იჯარით ირჯებოდა, ის ფრანგული „მეცის“ საკუთრებაა და ჯერ მისი მომავალი გაურკვეველია, მაგრამ დიდი შანსია, რომ ფრანგებმა დაიბრუნონ და ახალი სეზონიდან ლიგა 1-ში ითამაშოს.

0.116618