ფეხბურთი

22:19 | 8.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

საფეხბურთო ზეიმი ბათუმში

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტური ცენტრალური მატჩით დასრულდა, რომელშიც „დინამო ბათუმმა“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა. ბოლო ორი სეზონის ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის დაპირისპირება როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული გამოდგა.

სანამ თამაშზე ვიტყოდეთ, მანამდე ბათუმში შექმნილ ატმოსფეროზე: კოვიდრეგულაციების პერიოდში თამაშზე დასწრების უფლება დაახლოებით 7 ათას მაყურებელს მისცეს და ბათუმის ახალ სტადიონზე ფანტასტიკური გარემო იყო. საქართველოს ჩემპიონატისთვის მართლაც უცხო, რადგან დიდებული სტადიონი, 90 წუთის განმავლობაში აქტიური მასპინძელი ფანები, რომლებიც თამაშამდეც გუნდს სტადიონთან დახვდნენ და მერეც გვერდში ერთგულად ედგნენ, სხვადასხვა პერფორმანსებითა და შეძახილებით. პირდაპირ რომ ვთქვათ, მსგავს ატმოსფეროში ფეხბურთის თამაში გაცილებით სასიამოვნოა და უფრო მეტი შანსია, რომ სათამაშო დონემაც იმატოს.

ქომაგების მხარდაჭერით გაძლიერებულმა „დინამო ბათუმმა“ მეტოქეზე აქტიურად დაიწყო თამაში და დასაწყისშივე რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ თბილისელები როინ კვასხვაძემ გადაარჩინა და ანგარიში უცვლელი დარჩა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ტაიმი ფრედ 0:0 უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 42-ე წუთზე გოლი გავიდა. გიორგი ფანცულაიამ ბოლომდე იბრძოლა, მცველს აჯობა და ჯაბა ჯიღაური დატოვა მეკარესთან პრაქტიკულად პირისპირ, რომელმაც ზუსტად დაარტყა და „ბათუმი არენამ“ იფეთქა. გია გეგუჩაძის გუნდმა ტაიმი დამსახურებულად მოიგო, რადგან სტუმრები მხოლოდ თავს იცავდნენ და შეტევაში არაფერი შეუქმნიათ.

მეორე ტაიმში გიორგი ნემსაძის გუნდმა შექმნა პირველი ხიფათი და ზორან მარუშიჩი ახლოს იყო გოლთან, მაგრამ სერბ შემტევს ლაზარე კუპატაძემ აჯობა. მთლიანობაში ეს იყო ერთადერთი რეალური საგოლე შანსი, რომელიც სტუმრებმა შექმნეს და ლოგიკურია, რომ თამაში უგოლოდ დაასრულეს. ვთქვათ ისიც, რომ „დინამო თბილისში“ და ზოგადად საქართველოს ჩემპიონატში ჯანო ანანიძის დებიუტი შედგა, რომელმაც ბოლო ნახევარი საათი ითამაშა.

შეხვედრა კი „დინამო ბათუმმა“, როგორც პირველ წრეში, ახლაც 1:0 მოიგო და სატურნირო ცხრილში 25 ქულა დააგროვა. ამდენივე ქულა აქვს „დინამო თბილისს“, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო ზღვისპირელები გალიდერდნენ. მომდევნო ტურში გია გეგუჩაძის გუნდი 12 მაისს „სამტრედიას“ ესტუმრება, „დინამო თბილისი“ „საბურთალოს“ ასევე გასვლაზე ეთამაშება.

„დინამო ბათუმი“ – „დინამო თბილისი“ 1:0 (1:0)

ბათუმი, „ბათუმი არენა“

მაყურებელი: 7 000

„დინამო ბათუმი“ (4-2-3-1): კუპატაძე; ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, ნავალოვსკი (მანჯგალაძე 67); მამუჩაშვილი, ტეიდი; ჯიღაური, ალთუნაშვილი (ზარია 76), გროცურეკი (აზაროვი 58); ფანცულაია (შინდაგორიძე 66)

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

„დინამო თბილისი“ (3-5-2): კვასხვაძე; მონხილი, პაპავა, ხვადაგიანი; სპორსკლეიდი, რადინი, მექვაბიშვილი (კუცია 71), ქარდავა (ანანიძე 63), კობოური; მარუშიჩი (კეიტა 63), გაბედავა (ახვლედიანი 59)

მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე

გოლი: 1:0 ჯიღაური (42)

გაფრთხილება: ალთუნაშვილი (71), ჯიღაური (88), ტეიდი (90) - კუცია (81), რადინი (85), კეიტა (89)

მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი

0.149688