ფეხბურთი

20:06 | 8.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

0:2-დან 4:2: "რუბინმა" ხვიჩას გარეშე საოცარი თამაში მოიგო და ევროთასებამდე 90 წუთი აშორებს

ყაზანის „რუბინმა“ ევროპის კონფერენს ლიგისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა. რუსეთის პრემიერლიგის 29-ე ტურში ლეონიდ სლუცკის გუნდი ტულაში „არსენალს“ ესტუმრა და საოცრად დრამატულ ბრძოლაში 4:2 დაამარცხა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას არ უთამაშია, რომელმაც ვარჯიში დაიწყო, მაგრამ სათამაშოდ ჯერ მზად არ არის. „არსენალის“ რიგებში კი გია გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშა.

თამაში ძალიან საინტერესო გამოდგა: „რუბინმა“ პირველი ტაიმი 0:2 წააგო, 52-ე წუთზე „არსენალი“ მოედანზე კაცნაკლული დარჩა და ამან ყაზანელებს ხელ-ფეხი გაუხსნა. სლუცკის გუნდმა რიცხობრივ უპირატესობაში მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა და 4:2 იმარჯვა.

„რუბინმა“ ამ გამარჯვებით 52 ქულა დააგროვა და ბოლო ტურის წინ მეოთხე-მეხუთე ადგილებს „სოჭისთან“ ერთად იყოფს. ბოლო ტურში კვარაცხელიას გუნდი შინ 16 მაისს, ვოლგოგრადის „როტორს“ დაუხვდება და გამარჯვების შემთხვევაში კონფერენს ლიგაზე გავა. სხვათა შორის, ეს მატჩი „როტორისთვისაც“ მნიშვნელოვანია, რომელიც გასავარდნ ზონაშია და „უფას“, რომელიც პლეი-აუტის პოზიციაზეა ქულით ჩამორჩება. ამრიგად ზურიკო დავითაშვილისა და სოლომონ კვირკველიას გუნდსაც გამარჯვება სჭირდება. გრიგალავას „არსენალს“ რაც შეეხება, 23 ქულით პლეი-აუტის ზონაშია და ალბათ ამ გზით მოუწევს გადარჩენისთვის ბრძოლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108395