ტურ დე ფრანსის ოთხგზის ჩემპიონი, ბრიტანელი კრის ფრუმი ამბობს, რომ ეცინება, როდესაც მისი კრიტიკოსები კარიერის დასრულებას ურჩევენ და დასძენს, რომ ორი წლის წინათ მიღებული ტრავმების მოშუშების შემდეგ, თანდათან უბრუნდება ჩვეულ ფორმას.
2019 წლის კრიტერიუმ დუ დოფინის რბოლისას მომხდარ ინციდენტში, ფრუმმა კისრის, თეძოს, იდაყვის და ნეკნების მრავლობითი მოტეხილობები მიიღო, რის გამოც, სამი კვირა ჰოსპიტალში გაატარა. მაგრამ ბრიტანელმა სრულად გამოჯანმრთელება შეძლო და მზადაა, კიდევ ერთხელ იბრძოლოს ველომარათონებში გასამარჯვებლად.
ფრუმმა გასული სეზონის ბოლოს „ინეოს გრენადერსი“ დატოვა და „ისრაელ სტარტ-აპ ნეიშენში“ გადავიდა. მასთან ერთად, პირველად მარტში, კატალუნიის ტურზე იასპარეზა და 81-ე ადგილი დაიკავა, რასაც მის მიმართ კრიტიკა მოჰყვა. მაშინ ამბობდნენ, რომ დროა, ფრუმმა კარიერა დაასრულოს.
„ბოლო რბოლების შემდეგ, ხალხი მირჩევდა: შენთვის ყველაფერი დასრულდა, დროა შეეშვა. მაგრამ ამაზე მხოლოდ მეცინება. ამათ არ იციან, რაოდენ მძიმე ტრავმები მქონდა. მათ არ იციან, რამდენი შრომა დამჭირდა დასაბრუნებლად. ისინი პირადად მე არ მიცნობენ - მე დანებება არ მჩვევია და ვიცი, რომ კიდევ ბევრი შემიძლია“, - ამბობს 35 წლის ფრუმი.
მან შარშანდელ ტურზე ვერ იასპარეზა, რადგან „ინეოს გრენადერსმა“ გადაწყვიტა, რომ მზად არ იყო. ფრუმი ამბობს, რომ ველორბოლებში 40 წლამდე დარჩენას აპირებს. და რა თქმა უნდა, გამარჯვებებისთვის იბრძოლებს.
„მართალია, წინა ხაზზე არ გამოვჩენილვარ, მაგრამ პელოტონში რბოლის ინტენსივობას ვეჩვეოდი. კატალუნიის რბოლისას, რიტმიდან ამოვარდნილი ვიყავი. მაგრამ პროგრესს აშკარად ვგრძნობ. მოკლედ, დანებებას არ ვაპირებ. რაც მეტ კრიტიკის მესიჯს ვღებულობ, ეს მით მეტ ძალას მაძლევს და მოტივაციას მიძლიერებს.“, - დასძენს ფრუმი.