ჩოგბურთი

1:48 | 8.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

დომინიკ თიმი მადრიდის ღიას ნახევარფინალში გავიდა

მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა, ავსტრიელმა დომინიკ თიმმა, მადრიდის ღია პირველობის მეოთხედფინალში ამერიკელ ჯონ ისნერს 3-6, 6-3, 6-4 მოუგო. აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონს, მეტოქის მოწოდებაზე მოგების შანსი სულ ოთხჯერ ჰქონდა და მათგან ორი გამოიყენა, რაც თამაშის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა.

თიმმა ტანმაღალ ამერიკელთან ბრეიკის პირველი შანსი მეორე სეტში მიიღო და ქულად აქცია. იმავე სეტის მეხუთე გეიმში თავად ოთხი ბრეიკ პოინტი მოიგერია.

გადამწყვეტ სეტში ბრეიკის პირველი შანსი პირველივე გეიმში გაანიავა. მაგრამ მეცხრე გეიმში, როცა ანგარიში 4-4 იყო, მეტოქის მოწოდების აღება შეძლო, შემდეგ თავისი მოწოდებაც მოიგო და ზედიზედ მეოთხედ გავიდა მადრიდის ღიას ნახევარფინალში.

„ის ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მომწოდებელია. მისი მოწოდებული ბურთი ძალიან მაღლა ხტება, რაც მოგერიებას ართულებს. ბრძოლის განწყობაზე ვიყავი და მუდმივად ყურადღებით ყოფნას ვცდილობდი. ასეთ ბიჭებთან თამაშისას, ყოველ ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ასეთი იყო ის ბრეიკ პოინტები, რომლებიც მეორე სეტში მოვიგერიე“, - ყვება თიმი.

ავსტრიელის მომდევნო მეტოქეა გერმანელი ალექსანდერ ზვერევი, რომელმაც რაფაელ ნადალი დაამარცხა. სხვათა შორის, თიმი ორივეს მადრიდის ღია პირველობის ფინალში შეხვედრია და ორივესთან წააგო - ნადალთან 2017 წელს და ზვერევთან 2018 წელს.

სხვათა შორის, ისნერმა მადრიდში ნათამაშებ ოთხ შეხვედრაში, ჯამში 100-ზე მეტი ეისი მოაწოდა. ამერიკელმა ანდრეი რუბლევთან მოგებულ შეხვედრაში 29 ეისი მოაწოდა, თიმთან კი „მხოლოდ“ 18-ს დასჯერდა. რეიტინგში 39-ე ადგილზე მყოფმა ისნერმა აღიარა, რომ მეტოქემ თამაშით აჯობა და თავად მხოლოდ საკუთარი მოწოდების ხარჯზე ახერხებდა მისთვის კონკურენციის გაწევას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129691