ყაზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს დელეგაცია ორი მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს. ლუკა მაისურაძე და ონისე სანებლიძე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძვიან.
90 კგ წონით კატეგორიაში პირველად იასპარეზა ლუკა მაისურაძემ და სენეგალელი აბდერაჰმან დიაო, შვედი მარკუს ნიმანი, გერმანელი ტიმ შმიდტი და ებრაელი ლი კოჩმანი დაამარცხა, ნახევარფინალში კი იაპონელ სანშირო მურაოსთან იპონით წააგო, შედეგად, ფინალურ ბლოკში ლუკა ბრინჯაოს მედლისთვის გავა ტატამზე, მისი მეტოქე კი ფრანგი აქსელ კლერგე იქნება.
ამავე წონაში იმედა გოგოლაძეც ასპარეზობდა, რომელიც პირველივე შეხვედრაში ალჟირელ აბდერაჰმან ბენამადისთან დამარცხდა. +100 კგ წონით კატეგორიაში კი საბა ინანეიშვილი პირველ წრეში სამხრეთ კორეელ ჯაეგუ იოუნთან ვერაფერს გახდა და ტურნირს გამოეთიშა.
100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ონისე სანებლიძე, რომელიც ნახევარფინალამდე დაუმარცხებელი იყო. ქართველმა ძიუდოისტმა ქუვეითელი აბდულა ტალები, უზბეკი მუხამადკარიმ ხურამოვი, სერბი ალეკსანდარ კუკოლი დაამარცხა, ნახევარფინალში კი ნიდერლანდელ სიმეონ კატარინასთან წააგო. ონისე ბრინჯაოს მედლისთვის რუს ნიაზ ბილალოვს გაეჯიბრება.
აქვე გეტყვით, რომ ყაზანის გრანდ სლემზე ლუხუმ ჩხვიმიანი ოქროს, ხოლო ნუგზარ ტატალაშვილი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.