ფეხბურთი

10:26 | 5.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" ან "რეალი" - ვინ შეუერთდება "მანჩესტერ სიტის" სტამბოლურ ფინალში

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ სიტი“ მეტოქეს ელოდება, რომელიც „ჩელსი“ ან „რეალი“ იქნება. დღეს, სტამბოლის მეორე ბილეთი ლონდონში გათამაშდება და ჯერ გარკვეული არაფერია, რადგან პირველი მატჩი მადრიდში 1:1 დასრულდა.

„ჩელსი“ სტუმრად მიღწეული ფრით მცირე უპირატესობას ფლობს, მაგრამ ცხადია, მადრიდის „რეალთან“ ტომას ტუხელის გუნდი ამის იმედად ვერ იქნება. ორივე გუნდისთვის ფინალი ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან „სამეფო კლუბს“ გადამწყვეტ შეხვედრაში 3 წელია არ უთამაშია, ხოლო „ჩელსის“ სერია კიდევ უფრო გრძელია - 9 წელი. უფრო მეტიც, „ჩელსი“ ნახევარფინალში 2014 წლის შემდეგ დაბრუნდა და ახლა ფინალთან ძალიან ახლოსაა.

უნდა აღინიშნოს, რომ „არისტოკრატებს“ „რეალთან“ შესანიშნავი მოგონებები აქვს და აქამდე ოთხჯერ შეხვედრია, საიდანაც ერთხელაც არ წაუგია - 2 მოგება და 2 ფრე. ამრიგად, ინგლსურ კლუბს სურს, რომ ესპანურ გრანდთან წაუგებელი სერია განაგრძოს და უშანსოდ ნამდვილად არ არის.

ფაქტია, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალი შესაძლოა ინგლისური იყოს, ისე როგორც ორი წლის წინ, ანაც ინგლისურ-ესპანური. ვნახოთ, ამას ლონდონური 90 (ან 120) წუთი გაარკვევს...

ტომას ტუხელი (ჩელსის მთავარი მწვრთნელი): „ეს არის ნახევარფინალი, პლეი-ოფის მატჩი, ამიტომ, წნეხი მაღალია. გარკვეული ნდობისა და საკუთარი ძალების რწმენის გარეშე, შანსი არ გვექნება. არ ვარ დარწმუნებული, რომ „რეალი“ კვლავ 5-3-2 სქემით ითამაშებს, მათ შეუძლიათ 4-3-3 ტაქტიკის გამოყენება. ეს გადაწყვეტილება თამაშში ცვლილებებს შეიტანს, მაგრამ ჩემი აზრით, გადამწყვეტი არა „რეალის“ სქემა იქნება, არამედ ჩვენ როგორ ვითამაშებთ. მთავარი, რაც ამ პერიოდში ვისწავლეთ, საკუთარი შესაძლებლობების რწმენაა. ნახევარფინალში ვართ და ეს სრულიად დავიმსახურეთ. სერხიო რამოსი თუ ითამაშებს? არ ვიცი, რთული შეკითხვაა. რა თქმა უნდა, სხვაობა იქნება თუ ითამაშებს, რადგან ბოლო წლების ყველაზე წარმატებული გუნდის კაპიტანია. თუმცა, ამაზე საუბარს აზრი არ აქვს, ვფიქრობ პირველივე წუთიდან ითამაშებს და ამისთვის უნდა მოვემზადოთ“.

ზინედინ ზიდანი (რეალის მთავარი მწვრთნელი): „კარგად უნდა ვითამაშოთ და ფიზიკურად ბოლომდე დავიხარჯოთ, გავიღოთ ყველაფერი, რაც გვაქვს. ეს იყო ის, რაც პირველ მატჩში უნდა გაგვეკეთებინა და ხვალაც ასე იქნება. მაინტერესებს, რას გავაკეთებთ, როდესაც ბურთი გვექნება. გუნდი თამაშისთვის მზად არის. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ვართ და ასეთი მატჩების თამაში ყოველდღე არ გვიწევს. ჩემი ფეხბურთელები მზად არიან კარგად სათამაშოდ. გვწამს იმის, რასაც ვაკეთებთ, ფეხბურთში სასწაულები არ ხდება. რამოსი? ახლა ვერ გეტყვით ითამაშებს თუ არა ხვალ. ის ჩვენთან ერთადაა და ეს ნიშნავს, რომ კარგადაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კაპიტანი და ლიდერი ჩვენთან იყოს. თამაშამდე კარგი გრძნობა მაქვს. მოხარული ვართ, რომ ასეთი თამაში გვაქვს ჩასატარებელი და ვიცით, როგორ თამაშს უნდა ველოდოთ. ასევე ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და ყველაფერს გავიღებთ, რაც გვაქვს“.

სავარაუდო შემადგენლობები:

„ჩელსი“ (3-4-3): მენდი; კრისტენსენი; ტიაგო სილვა, რუდიგერი; ასპილიკუეტა, ჟორჟინიო, კანტე, ჩილველი; პულიშიჩი, ვერნერი, მოუნთი

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; ვალვერდე, რამოსი, მილიტაო, ნაჩო; კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი; ასენსიო, ბენზემა, ასენსიო

0.117657