ჩოგბურთი

0:53 | 5.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბარტიმ სვიატეკი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა

მადრიდის ღია პირველობის მესამე წრეში, ერთმანეთს როლან გაროსის ორი ბოლო ჩემპიონი, ავსტრალიელი ეშლი ბარტი და პოლონელი იგა სვიატეკი დაუპირისპირდა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა 7-5 6-4 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ, მადრიდის ტურნირის სამგზის ჩემპიონი, ჩეხი პეტრა კვიტოვა ეყოლება.

ბარტიმ თიხნარ კორტებზე წაუგებელი სერია 14 შეხვედრამდე გაზარდა. ბარტისთან შეხვედრამდე, სვიატეკს ზედიზედ 18 სეტი ჰქონდა მოგებული, მაგრამ ამჯერად ერთიც ვერ მოიგო. არადა, შეხვედრა კარგა დაიწყო.

პირველი სამი გეიმის შემდეგ, პოლონელი 3-0 იგებდა. მაგრამ ბარტიმ სწრაფად მოუძებნა გასაღები. პირველ რიგში, მოწოდება გამოასწორა და შეხვედრის განმავლობაში, პირველ მოწოდებაზე, მოპოვებული ქულების 80 პროცენტი აიღო. რაც მთავარია, მეტოქეს ბრეიკი აღარ მოაგებინა.

მეორე სეტის მეექვსე გეიმში, როცა 3-2 იგებდა, ავსტრალიელს თავის სერვისზე მაინც გაუჭირდა. სვიატეკი 40-0 დაწინაურდა. მაგრამ სამივე ბრეიკ პოინტი მოიგერია და გეიმი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

კვიტოვას სამი სეტი და ორ საათზე მეტი დასჭირდა რუსი ვერონიკა კუდერმეტოვას დასამარცხებლად - 6-3 4-6 6-4. საინტერესოა, რომ ამ სეზონში, კუდრმეტოვაზე მეტი მოგება მხოლოდ ბარტის აქვს. რუსს 22 თამაში აქვს მოგებული, ავსტრალიელს კი - ერთით მეტი.

„ეშთან თამაში ყოველთვის დიდი გამოწვევაა. ამჯერადაც ალბათ ასე იქნება. მე ამით ვისიამოვნებ. ის თიხნარზე ძალინ ძლიერია. მას თიხნარზე თამაში ალბათ ჩემზე მეტად მოსწონს. მე მომწონს მადრიდი“, - განაცხადა კვიტოვამ.

0.144886