ფეხბურთი

0:20 | 5.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

მორატი: "გამიკვირდა, მაგრამ მოურინიოსთან ერთად სერია A უფრო ლამაზი გახდება"

მილანის „ინტერის“ ყოფილი პრეზიდენტი მასიმო მორატი ჟოზე მოურინიოს „რომას“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნას გამოეხმაურა. ის პორტუგალიელ სპეციალისტს ძალიან კარგად იცნობს, რადგან „ნერაძურიში“ სწორედ მან მიიწვია და ჩემპიონთა ლიგა ერთად მუშაობის დროს მოიგეს.

მორატის განცხადებით, მისთვის ეს ამბავი გასაკვირი იყო, მაგრამ ბედნიერია, რადგან სერია A მოურინიოსთან ერთად უფრო საინტერესო გახდება.

„გამიკვირდა, მაგრამ მის გამო ბედნიერი ვარ. ჩემპიონატი ლამაზი და საინტერესი ხდება. წელს მისთვის რთული იქნებოდა „ინტერში“ დაბრუნება, რადგან გუნდმა სკუდეტო მოიგო. როგორც მოურინიოს, ისე „რომას“ მხრიდან არჩევანი საინტერესოა. მას ცოტა ხნის წინ ვესაუბრე, მაგრამ არა ამ საკითხზე. კონტესთან მისი დაპირისპირება საინტერესო ქნება, განსაკუთრებული მუხტი იქნება ორივეს მხრიდან“, - თქვა მორატიმ.

შეგახსენებთ, ჟოზე მოურინიომ „რომასთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა და პორტუგალიელი სპეციალისტი სერია A-ში 2010 წლის შემდეგ ბრუნდება, როდესაც მილანის „ინტერს“ ხელმძღვანელობდა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუში მოურინიომ იტალიაში დაბრუნება არ გამორიცხა და თქვა, რომ „ინტერის“ სიყვარულის მიუხედავად მის კონკურენტ გუნდს გაწვრთნიდა. მაშინ ბევრმა იფიქრა, რომ ჟოზე „იუვენტუსში“ მუშაობას გულისხმობდა, მაგრამ რეალურად „რომა“ უგულისხმია და დედაქალაქური გუნდი ჩაიბარა.

0.113982