მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ლონდონის „ჩელსისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია, რადგან ნახევარფინალში ყოველდღე თამაში არ უწევს.
„კარგად უნდა ვითამაშოთ და ფიზიკურად ბოლომდე დავიხარჯოთ, გავიღოთ ყველაფერი, რაც გვაქვს. ეს იყო ის, რაც პირველ მატჩში უნდა გაგვეკეთებინა და ხვალაც ასე იქნება. მაინტერესებს, რას გავაკეთებთ, როდესაც ბურთი გვექნება. გუნდი თამაშისთვის მზად არის. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ვართ და ასეთი მატჩების თამაში ყოველდღე არ გვიწევს. ჩემი ფეხბურთელები მზად არიან კარგად სათამაშოდ. გვწამს იმის, რასაც ვაკეთებთ, ფეხბურთში სასწაულები არ ხდება.
რამოსი? ახლა ვერ გეტყვით ითამაშებს თუ არა ხვალ. ის ჩვენთან ერთადაა და ეს ნიშნავს, რომ კარგადაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კაპიტანი და ლიდერი ჩვენთან იყოს. თამაშამდე კარგი გრძნობა მაქვს. მოხარული ვართ, რომ ასეთი თამაში გვაქვს ჩასატარებელი და ვიცით, როგორ თამაშს უნდა ველოდოთ. ასევე ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და ყველაფერს გავიღებთ, რაც გვაქვს“, - თქვა ზიდანმა.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და საპასუხო შეხვედრა 5 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.