ფეხბურთი

0:46 | 4.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძემ უნგრეთის თასი მოიგო, ფინალში ბუდუ ზივზივაძე დამარცხდა (+VIDEO)

გიორგი ბერიძე უნგრეთის თასის მფლობელია. ფინალში მინი ქართული დერბი შედგა - ბერიძის „უიპეშტი“ ბუდუ ზივზივაძის „ფეჰერვარს“ შეხვდა და დრამატულ ბრძოლაში, დამატებით დროში 1:0 დაამარცხა.

არადა, „ფეჰერვარი“ აშკარა ფავორიტი იყო, რადგან მიმდინარე სეზონში „უიპეშტს“ უნგრეთის ჩემპიონატში სამჯერ შეხვდა, მათ შორის ბოლოს 10 აპრილს და სამჯერვე გაანადგურა - 5:1, 5:0, 4:0. აი, ფინალს სხვა სცენარი ჰქონდა და იმრე შაბიჩის გუნდი ვერაფერს გახდა.

ძირითად დროში გოლი არ გასულა და მატჩის ბედი კოსოვოელი მცველის, ლირიმ კასტრატის გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც 101-ე წუთზე გაიტანა. საგოლე შეტევაში გიორგი ბერიძეც მონაწილეობდა და საგოლე დარტყმის დაბლოკვას ზივზივაძე ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა. უნდა აღინიშნოს, რომ საგოლე შეტევის ერთ-ერთ მომენტში თამაშარე იყო და წესით არ უნდა ჩათვლილიყო, მაგრამ თანამსაჯი შეცდა, VAR-ი თამაშზე არ იყო. სხვათა შორის, „ფეჰერვარმა“ 9 ფეხბურთელით დაასრულა თამაში: 90-ე წუთზე გაუძევეს ერთი ფეხბურთელი (ადრიან რუსი), მეორე 97-ე წუთზე (ალეფი თამაშში 91-ე წუთზე ჩაერთო და 6 წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო).

ამრიგად, უნგრეთის თასი „უიპეშტს“ დარჩა, რომელმაც ეს ტიტული მე-11-ედ დაისაკუთრა. ბერიძეს ამ ჯილდოში დიდი წვლილი აქვს, რადგან უნგრეთის თასზე 4 თამაშში 6 გოლი გაიტანა! გიორგის უნგრეთს ჩემპიონატშიც კარგი სეზონი აქვს 9 გოლი გაიტანა და ვთქვათ ისიც, რომ ფინალში ადრიან რუსი 90-ე წუთზე მის წინააღმდეგ უხეშობისას გააძევეს.

ბუდუ ზივზივაძე ვერცლის მედალს დასჯერდა. მან 120 წუთი ითამაშა და უნგრეთის თასზე 4 თამაშში 3 გოლი გაიტანა (პლუს 8 გოლი და 7 საგოლე პასი ჩემპიონატში).

0.14114