ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში მეხუთედ ტურის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ქართველი ჩოგბურთელი მიუნხენის ტურნირის, BMW Open-ის ჩემპიონია!
29 წლის ბასილაშვილმა ფინალში იან-ლენარდ შტრუფი ორ სეტში, საათსა და 28 წუთში დაამარცხა და 250-იანი ტურნირის გამარჯვებული გახდა. პირველ სეტში ნიკოლოზმა უპირატესობა თავიდანვე ბრეიკით მოიპოვა და სეტი ბოლომდე შეინარჩუნა - 6:4.
გაცილებით დაძაბული გამოდგა მეორე სეტი, რომლის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა და ბასილაშვილმა იქ 7:5, ხოლო სეტში 7:6 მოიგო. ნიკოლოზი ისე გახდა მიუნხენში ჩემპიონი, რომ სეტიც არ წაუგია. მან ტიაგო მონტეირო, გალან რივეროსი, ნორბერტ გომბოსი, კასპერ რუდი და იან-ლენარდ შტრუფი დაამარცხა.
ამრიგად, ბასილაშვილმა კარიერაში მეორედ მოიგო 250-იანი ტურნირი, ხოლო მთლიანობაში ეს მისი მეხუთე ტიტულია. მანამდე ქართველმა ჩოგბურთელმა 2018 წელს ჰამბურგისა და ჩინეთის 500-იანი ტურნირები მოიგო, 2019 წელს ჰამბურგში ტიტული დაიცვა, ხოლო ორი თვის წინ დოჰას ტურნირი ტრიუმფით ჩაატარა.
აქვე გეტყვით, ბასილაშვილმა კარიერაში მეშვიდე ფინალი ითამაშა. 2016 და 2017 წელს, შესაბამისად, კუტცბუელსა და მემფისში დამარცხდა, ხოლო მას შემდეგ მიჯრით ხუთი ფინალი მოიგო - ორჯერ ჰამბურგში (2018, 2019), პეკინში (2018), დოჰასა (2021) და ახლა უკვე მიუნხენში. ცხადია, ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში დაწინაურდება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენიდან მადრიდში გადაინაცვლებს, სადაც მადრიდის ტურნირის პირველ წრეში 3 მაისს ფრანგ ბენუა პერს დაუპირისპირდება.
იან-ლენარდ შტრუფი - ნიკოლოზ ბასილაშვილი 0:2 (4:6, 6:7)