UFC-ს ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძე დაუმარცხებელი სერია გააგრძელა და ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იზეიმა.
ჭიკაძე ქაბ სვენსონს გაეჯიბრა, რომელიც აშკარად დაჯაბნა და ნოკაუტით მოიგო. ბრძოლამ მხოლოდ წუთსა და 3 წამს გასტანა და ეს იყო ნოკაუტით მეორე გამარჯვება ჭიკაძისთვის, რომელსაც UFC-ში ბრძოლა წაგებული არ აქვს.
„გამარჯობა, საქართველო, ჩემო საყვარელო ქვეყანა! მოწინააღმდეგეს პატივს ვცემ, მაგრამ ეს უნდა გამეკეთებინა. ტოპ 15-ის მებრძოლებო, ჩემი სახელი თუ არ იცოდით, ახლა უკვე იცით. ვიცოდი, რომ ბრძოლა დასრულებული არ იყო, მე მაინც გავჩერდი, მაგრამ მსაჯმა ბრძოლა განაგრძო და მეც საქმე დავასრულე.
დღეს საქართველოში აღდგომაა, დიდი დღესასწაული. იმედი მაქვს, რომ მე და მერაბმა ქართველი ხალხი კიდევ უფრო გავახარეთ. წაგება არ შემეძლო, მინდოდა, ხალხი გამეხარებინა“, - თქვა ბრძოლის შემდეგ ჭიკაძემ.