ფეხბურთი

12:05 | 2.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" ფანები დონარუმას შეხვდნენ და ულტიმატუმი წაუყენეს: "იუვენტუსთან" არ ითამაშო!"

„მილანის“ გულშემატკივრები ჯანლუიჯი დონარუმას შეხვდნენ და მას მოუწოდეს, რომ „იუვენტუსის“ წინააღმდეგ არ ითამაშოს. საქმე ისაა, რომ იტალიელ მეკარეს „როსონერისთან“ კონტრაქტი ორ თვეში ეწურება და მისი განახლების შესახებ შეთანხმება არ არსებობს. დონარუმას შეძენას „იუვე“ ცდილობს და მოლაპარაკებები მინო რაიოლასთან, რომელიც ფეხბურთელის აგენტია, უკვე დაწყებულია.

Sky Sport-ის ცნობით, „ბენევენტოსთან“ მატჩამდე ფანების ორგანიზებული ჯგუფი მილანელოს სპორტული ცენტრის წინ შეიკრიბა და დონარუმასთან შეხვედრა მოითხოვეს. კლუბის მხრიდან უარის თქმის მიუხედავად, ჯანლუიჯი ფანებთან გავიდა და მათ შეხვდა. დონარუმას მოსთხოვეს, რომ თუ მომდევნო შაბათამდე კონტრაქტის გახანგრძლივება არ მოხდება, მაშინ კვირას (9 მაისს) „იუვენტუსთან“ არ ითამაშოს, რადგან დიდი შანსია, რომ კარიერა იქ გააგრძელოს. იტალიური მედია წერს, რომ დონარუმამ იტირა კიდეც.

ცხადია, არც ფეხბურთელმა და არც კლუბმა ეს წინადადება არ მიიღეს და დონარუმა „იუვეს“ წინააღმდეგ მოედანზე გავა. ეს მატჩი ორივე კლუბისთვის ფუნდამენტურია, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძვიან და დიდი შანსია, რომ მეოთხე ადგილის ბედი სწორედ ამ თამაშმა გადაწყვიტოს.

შეგახსენებთ, ჯანლუიჯი დონარუმას „მილანში“ დებიუტი 2015 წელს ჰქონდა და მას შემდეგ „როსონერის“ მაისურით 247 თამაში ჩაატარა.

0.123081