ფეხბურთი

22:47 | 30.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "მანჩესტერ იუნაიტედი" აუცილებლად უნდა დავამარცხოთ"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა აუცილებლად უნდა მოიგოს, რათა ჩემპიონთა ლიგის შემდეგ სეზონში ითამაშოს. გერმანელ სპეციალისტს სჯერა, რომ ულე გუნარ სულშერისთვის ეს მატჩი გამოწვევა იქნება, რადგან მის გუნდს მცირე დრო აქვს ძალების აღსადგენად.

"აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. თამაშების მოგების გარეშე ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა წარმოუდგენელია. როდესაც ყოველ ხუთშაბათს და კვირას თამაშობ მთელი სეზონის განმავლობაში ამას ეჩვევი, თუმცა ეს "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" შეღავათი არაა. ეს მათთვის გამოწვევა იქნება. პარასკევს და შაბათს ძალების აღდგენის პერიოდი აქვთ და შემდეგ თამაში უწევთ. რამის შეცვლის დრო მათ არ აქვთ და ვფიქრობ ამ სიტუაციაში ყოფნა არც უნდათ.

რთული თამაში გველის, რადგან ვუყურე მათ ბოლო მატჩს და კარგად გამოიყურებიან. წნეხის გარეშე "მანჩესტერ იუნაიტედი" გაფრინდება და ასევე დარწმუნებული ვარ ჯერ კიდევ გრძნობენ, რომ ჩემპიონობის შანსი აქვთ. აქედან გამომდინარე ორივე გუნდს აუცილებლად სჭირდება გამარჯვება." - ციტირებს Sky Sports-ი კლოპს სიტყვებს.

ვირჯილ ვან დეიკმა, ჯორდან ჰენდერსონმა, ჟოელ მატიპმა და ჯო გომესმა სირბილი უკვე დაიწყეს და მათი სარეაბილიტაციო პერიოდი პროგრამის მიხედვით მიმდინარეობს. თუმცა იურგენ კლოპმა აღნიშნა, რომ ეს ფეხბურთელები სრულყოფილ ვარჯიშამდე ჯერ კიდევ შორს არიან. ჰოლანდიელი ფეხბურთელის დაბრუნებაზე კლოპმა შემდეგი პასუხი გასცა:

"ერთი და იგივეს ასახსნელად ინგლისური სიტყვების მარაგი ამომეწურა. დიახ, ვირჯილი ჰენდერსონის, მატიპის და გომესის მსგავსად დარბის. რეაბილიტაცია ყოველთვის სირბილით იწყება. აქედან გამომდინარე, კიდევ ბევრი რამ უნდა გაიარონ, რათა სრულფასოვანი ვარჯიშისთვის მზად იყვნენ."

გერმანელმა სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, ეს შედეგი გავლენას ვერ მოახდეს ზაფხულის სატრანსფერო პოლიტიკაზე. კლოპმა უკვე იცის, რომ კლუბმა კორონავირუსის გამო 120 მილიონი გირვანქა სტერლინგის ზარალი განიცადა, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს მის გეგმებზე გავლენას ვერ მოახდენს.

"ფინანსური თვალსაზრისით ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უმნიშვნელოვანესია. თუ ვერ მოვხვდებით ოთხ საუკეთესო გუნდს შორის, ეს ცუდი შედეგი იქნება, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერს შეცვლის. სიტუაცია აქამდეც რთული იყო და ამის შემდეგაც ასე იქნება." - დაამატა კლოპმა.

0.111438