მარტის ბაშოზე დაშავებული იაპონელი სუმოისტი გარდაიცვალა. 28 წლის ჰიბიკირიუ 26 მარტს დაშავდა, ერთი თვე საავადმყოფოში გაატარა და გამოჯანმრთელება ვერ მოახერხა.
ის ბრძოლისას ცუდად დაეცა, კისერი დაიზიანა, რის შედეგადაც ჰოსპიტალში გადაიყვანეს და 1-თვიანი ბრძოლის შემდეგ სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ექიმების დახმარება მას დაგვიანებით ჩაუტარდა, რაც ფატალური შედეგის განმაპირობებელიც გახდა.
საქმე ისაა, რომ სუმოში დაცემული მებრძოლის წამოყენება არ შეიძლება და ის ფეხზე თვითონ უნდა წამოდგეს. ამიტომაც, ჰიბიკირიუს სამედიცინო დახმარება დაგვიანებით გაუწიეს და მას კარგა ხანს ყურადღებას არავინ აქცევდა.
აქვე გეტყვით, რომ იაპონიის სუმოს ასოციაცია მომხდარი ტრაგედიის გამო სამედიცინო რეგულაციების შეცვლას აპირებს.