ავტოსპორტი

3:37 | 30.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

მასა: ბოტასის და ფეტელის პრობლემა მათ თავშია

ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, ბრაზილიელი ფელიპე მასა თვლის, რომ ვალტერი ბოტასს და სებასტიან ფეტელს, მათი შესაძლებლობების გამოვლენაში, ხელს ფსიქოლოგიური ზეწოლა უშლის.

ბოტსმა ბაჰრეინში მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა ლიდერებს მცირე კონკურენციაც ვერ გაუწია. იმოლაში კი რბოლას მაშინ გამოეთიშა, როდესაც ათეულში მოსახვედრად იბრძოდა.

მასა ფიქრობს, რომ „მერსედესის“ ფინელი მრბოლი ძლიერ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ უძლებს, რასაც ლუის ჰამილტონთან ერთ გუნდში ყოფნა უქმნის. თავად მასას „ფერარიში“ ყოფნისას, ორჯერ ჰყავდა ჩემპიონი თანაგუნდელი - მიხაელ შუმახერი და ფერნანდო ალონსო და კარგად იცის, რამდენად ძნელია, როდესაც ტიტულოვანი თანაგუნდელი გყავს.

„ჩემი აზრით, ბოტასის სუსტი შედეგები, მის ფსიქოლოგიურ პრობლემებს უკავშირდება. ძალიან ძნელია, როდესაც ისეთ ჩემპიონს გადრიან, როგორიც ლუის ჰამილტონია. მსგავსი სიტუაცია ფეტელსაც აქვს. ორივე ძალიან დელიკატურ სიტუაციაში აღმოჩნდა“, - „გაძეტა დელო სპორტთან“ საუბრისას ამბობს მასა.

სამაგიეროდ, ბრაზილიელმა ჯორჯ რასელი შეაქო, რომელიც იმოლას რბოლისას, ბოტასს დაეჯახა. მასა ფიქრობს, რომ რაელი „მერსედესში“ ბოტასის ადგილს უმიზნებს.

„ჯორჯი მართლა ძალიან კარგი მრბოლია. თუმცა იმოლას რბოლისას ის შეცდა. მან შანსი დაიმსახურა და მერსედესი ადრე თუ გვიან, ამ შანსს მისცემს. იმასაც ვაფასებ, რომ ინციდენტის შემდეგ, მან ბოტასს მოუბოდიშა. ის რომ თავისი შეცდომა აღიარა, ეს უკვე მის ჩამოყალიბრბაზე მიგვთითებს“, - ამბობს მასა.

0.142321