სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა – ლევან ყიფიანმა საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრების წევრს – გოგიტა არქანიას გერმანიის ქალაქ ბრემენში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე (WKF-ის ვერსიით) მოპოვებული ისტორიული ჩემპიონობა მიულოცა.
სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა კარატეს ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და ფედერაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ახალგაზრდული ნაკრების წევრებიც, რომლებსაც მინისტრმა ლიტვის ქალაქ კაუნასში ჩატარებულ ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებაც მიულოცა.
პრესკონფერენციაზე მინისტრთან ერთად, კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა – კახა ბასილიამ და სპორტის დეპარტამენტის უფროსმა – ირაკლი დოლაბერიძემ ისაუბრეს და წარმატებასთან ერთად, კარატეს სამომავლო პერსპექტივაზე გააკეთეს აქცენტი.
ქართული კარატეს ისტორიის 35 წლის მანძილზე, საქართველოს კარატეს ნაკრების წევრმა 84 კგ. წონით კატეგორიაში – გოგიტა არქანიამ პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დიდებში WKF-ის ვერსიით. გერმანიის ქალაქ ბრემენში 5-9 ნოემბერს ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც 120 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, 84 კგ-ში მოასპარეზე გოგიტა არქანიამ წარმატებული ბრძოლები ჩაატარა, ფინალში კი იაპონიის წარმომადგენელი რიუტარო არაგა 4:1 დაამარცხა.
არქანიას წარმატება იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ 2015 წელს გასამართ პირველ ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე, ბაქოში, საქართველოს შესაძლებლობა ექნება სხვა სპორტის სახეობებთან ერთად, კარატეშიც მოიპოვოს სხვადასხვა სინჯის მედლები. 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კი კარატე ორი საშეჯიბრო წესებით (სპორტული და კონტაქტური) საჩვენებელი დემონსტრაციით წარსდგება.
ასევე აღსანიშნავია ახალგაზრდა ქართველი კარატისტების წარმატება 8-9 ნოემბერს, ლიტვის ქალაქ კაუნასში გამართულ ევროპის 2014 წლის ჩემპიონატზე 22-წლამდელებს შორის, სადაც მონაწილეობას იღებდა 24 ქვეყნის 364 სპორტსმენი, მათ შორის საქართველოს ნაკრების 8 სპორტსმენი – 6 ვაჟი და 2 გოგო.
ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და ჯამში 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ვაჟებში -80კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონის ტიტული ლაშა ოზბეთელაშვილმა დაისაკუთრა, ხოლო ბრინჯაო -70 კგ. წონით კატეგორიაში, სერგო მოვსესიანს ერგო. პირველად საქართველოდან კონტაქტური კარატეს (WKO) ვერსიით ევროპის ჩემპიონი გოგონა გახდა, -60 კგ. წონით კატეგორიაში სამტრედიელმა თამარ ბიბილეიშვილმა უმძიმესი ბრძოლები გამართა და საკმაოდ ძლიერ სპორტსმენებს სძლია.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური