ფეხბურთი

0:47 | 30.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ნიკა კვეკვესკირმა "ლეხთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა პოზნანის „ლეხთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. პოლონელებმა 28 წლის ფეხბურთელი იანვარში დაიმატეს და 6-თვიანი ხელშეკრულება გაუფორმეს, მაგრამ ახლა მასთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე განაახლეს.

ეს იმაზე მიუთითებს, რომ კვეკვესკირმა კლუბის სამწვრთნელო შტაბსა და ხელმძღვანელობას მოკლე დროში თავი მოაწონა და მხარეები ორწლიან ხელშეკრულებაზე ადვილად შეთანხმდნენ.

„ბედნიერი ვარ კონტრაქტის გახანგრძლივებით, რადგან თავიდანვე, როდესაც აქ ჩამოვედი, ხაზგასმით აღვნიშნე, რომ მინდოდა მოედანზე ჩემი საუკეთესო მხარე მაქსიმალურად წარმომეჩინა, რათა კონტრაქტის განახლება დამემსახურებინა და ეს ახლა მოხდა. ვფიქრობ, მოედანზე ვაჩვენე, რომ გუნდისთვის სასარგებლო ფეხბურთელი ვარ და მოხარული ვარ, რომ მომდევნო ორ სეზონში ერთად გავაგრძელებთ მოგზაურობას, რადგან მწამს „ლეხის“ პროექტის. ჩვენ ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს, ატმოსფერო იდეალურია და შემიძლია მთლიანად მხოლოდ ფეხბურთზე ვიყო კონცენტრირებული. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გულშემატკივრები ამ განსაკუთრებულ დროს გავახაროთ“, - თქვა კვეკვესკირმა.

„ნიკამ მოედანზე დაამტკიცა, რომ მას ბევრი თვისება აქვს და ჩვენი გუნდისთვის დამატებითი ღირებულებაა. მისი დარჩენა ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონში ნახევარდაცვაში სათანადოდ ვართ დაკომპლექტებულები“, - თქვა სპორტულმა დირექტორმა ტომაშ რუზამ.

შეგახსენებთ, ნიკა კვეკვესკირი „ლეხს“ იანვარში შეუერთდა და დღემდე 11 მატჩი ჩაატარა, გოლი არ გაუტანია. მანამდე მას „ტობოლში“, „გაბალაში“, „კეშლაში“, „დილაში“, „დინამო თბილისში“, „ცხინვალსა“ და ზუგდიდის „ბაიაში“ უთამაშია. პოზნანის "ლეხის" ღირსებას იჯარით ნიკა კაჭარავაც იცავს, მაგრამ კვიპროსული მედიის ცნობით, მასთან კონტრაქტის განახლება არ იგეგმება და ზაფხულში "ანორთოსისში" დაბრუნდება.

0.1318