კალათბურთი

21:14 | 29.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

პაატა გურასპაულის კომენტარი ევრობასკეტის წილისყრის შემდეგ

„ევროპის ჩემპიონატის წილისყრის მსვლელობისას კიდევ ერთხელ დამეუფლა შეგრძნება, რომ ქართული კალათბურთი ევროპული ოჯახის ღირსეული წარმომადგენელია,“ – განაცხადა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ევრობასკეტი 2022-ის წილისყრის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა ესპანეთთან, რუსეთთან, თურქეთთან, ბელგიასთან და ბულგარეთთან. კენჭისყრის დასრულების შემდეგ პაატა გურასპაულმა ყველა მეტოქეზე მოკლედ ისაუბრა.

ესპანეთი

„ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. ის ბოლო ათწლეულის ევროპის საუკეთესო გუნდია. სასიამოვნოა, რომ ქართველ გულშემატკივარს საშუალება მიეცემა საკუთარი თვალით იხილოს ეს ლეგენდარული ნაკრები. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ნაკრები ყველა მოწინააღმდეგესთან გამარჯვებისთვის გადის და არც ესპანეთი იქნება გამონაკლისი.“

რუსეთი

„რუსეთის ნაკრები ბედისწერამ გვარგუნა. წინასწარ ვიცოდით, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე იქნებოდა. საქართველო მასთანაც, რასაკვირველია, მოსაგებად იბრძოლებს.“

თურქეთი

„ჩვენს მიერ არჩეული პარტნიორი, თურქეთის ნაკრები ძალიან სერიოზული გუნდია თავისი შეინ ლარკინით. ის ძალიან ძლიერი კონკურენტი იქნება ნებისმიერი გუნდისთვის. პირველი ადგილისთვის თურქეთიც იბრძოლებს.“

ბელგია

„მეხუთე და მეექვსე კალათებიდან შეგვხვდა ბელგია და ბულგარეთი. ბელგიელებთან არაერთხელ გვითამაშია და ვიცით, რომ ბოლომდე იბრძვის, არასოდეს ნებდება. ამ ნაკრების რამდენიმე კალათბურთელი ევროპის ტოპ-გუნდებში თამაშობს. მათ შეუძლიათ მიზნად ჯგუფიდან გასვლა დაისახონ.“

ბულგარეთი

„ბულგარეთის ნაკრები თითქოს ყველაზე სუსტია, თუმცა ბოლო შესარჩევ ეტაპზე მაღალ დონეზე ითამაშა. მან ფინალური ეტაპის მიღმა დატოვა ლატვიის ძლიერი ნაკრები. არა მგონია, ბულგარელები თბილისში სტატისტის როლით დაკმაყოფილდნენ.“

„ვფიქრობ, ქართველი გულშემატკივრისთვის ყველა მატჩი საინტერესო იქნება და წინასწარ რთულია იმის თქმა, რომელი ოთხი გუნდი განაგრძობს თამაშს მერვედფინალში.

GBF.GE

0.124793