ფეხბურთი

16:27 | 29.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

რაიტის ცრემლები

„არსენალის“ ლეგენდა, 57 წლის იან რაიტი, ბი ბი სი-ს ახალ პრექტში მონაწილეობს. დოკუმენტურ ფილმს ფეხბურთელის ბავშვობაში გადავყავართ. იანი თავის ძველ სახლთან მიიყვანეს და ცრემლები ვერ შეიკავა. გაახსენდა რა დღეში აგდებდა მამინაცვალი.

პროექტს ოჯახური ძალადობა ჰქვია.

რაიტის ბიოლოგიური მამა შინიდან მაშინ წავიდა, როცა იანი და მისი და-ძმა ძალიან პატარები იყვნენ. შემდეგ გამოჩნდა მამინაცვალი...

რაიტი იხსენებს როგორ ცხოვრობდა მთელი ოჯახი ერთ ოთახში და როგორ ჩაგრავდა მამინაცვალი დედამისს. ის კი შიშისგან ხმას ვერ იღებდა. მამობილი მას განსაკუთრებით ცუდად ექცეოდა. თუ რატომ, ამაზე იანს დღემდე პასუხი არ აქვს.

თუ ოდნავ რაიმეს დააშავებდა, მამინაცვალი კუთხეში აყენებდა სახით კედლისკენ, თავად კი ფეხბურთის მატჩს უცქერდა. საკმარისი იყო, ბავშვს თავი ოდნავ მოეტრიალებინა, იქაურობას შემზარავი ღრიალი და გინება აყრუებდა.

„კედელთან მეძინა. კედელი ძალიან ცივი იყო. მე კი ასთმური შტევები მქონდა. დამხმარე არავინ იყო.“ - იხსენებს რაიტი.

14 წლისამ მიატოვა სკოლა და მლესავად დაიწყო მუშაობა. ფეხბურთს კი საკვირაო ლიგაში თამაშობდა, სადაც „კრისტალ პალასის“ სკაუტებმა შეამჩნიეს. გასინჯვაზე მიიწვიეს. იანის ქმედებას „არწივების“ მაშინდელი მწვრთნელი, სტივ კოპელი აღუფრთოვანებია და სამ დღეში მისთვის პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გაუფორმებიათ - კვირაში ჯამაგირად 100 გირვანქა დაუნიშნეს. ეს ამბავი 1985 წელს ხდებოდა. არადა, სერიოზულად ფიქრობდა მლესავის პროფესიის საფუძვლიანად შესწავლას.

იყო ვესტ ჰემი, ბარნლი, ნოტინგემ ფორესტი, სელტიკი. თუმცა ლეგენდის სახელი არსენალში დაიგდო, სადაც შვიდი წლის განმავლობაში ირჯებოდა და 221 შეხვედრაში 128 გოლი გაიტანა.

ინგლისის ნაკრებში 33 მატჩი ითამაშა და 9-ჯერ გამოიჩინა თავი. „სამი ლომის“ შემადგენლობაში იყო 1996 წლის 9 ნოემბერსაც, მაშინ ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ (2:0), მსოფლო ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში.

კარიერა 2000 წელს დაასრულა და ახლა ნაირგვარი საფეხბურთო შოუების წამყვანია.

თუმცა ბავშვობისდროინდელი ტრავმა დღემდე ვერ მოიშუშა. 32 წლის იყო, როცა ფსიქოლოგთან დაიწყო სიარული და კვლავ გადის ფსიქოთერაპიის კურსს.

ჭეშმარიტად, ჩარლზ დიკენსის სიუჟეტია.

0.124366