ფეხბურთი

1:05 | 29.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" ფინალთან ძალიან ახლოსაა: პსჟ რთულ ვითარებაში

ინგლისური „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალთან ძალიან ახლოსაა. პეპ გვარდიოლას გუნდმა პარიზში, „პარი სენ ჟერმენი“ დაამარცხა და ბუნებრივია, რომ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, მაგრამ საპასუხო მატჩის წინ „ქალაქელებმა“ მაინც ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა.

„პარკ დე პრენსზე“ ორი განსხვავებული ტაიმი შედგა: პირველში მასპინძლები პრაქტიკულად უნაკლონი და სტუმრები უსუსურები იყვნენ, ხოლო ნაანტრაქტევს - პირიქით. მაურისიო პოჩეტინოს გუნდისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო და ალბათ გეგმისამებრ მიდიოდა: მე-15 წუთზე მარკინიოსმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. სხვათა შორის, ბრაზილიელი მცველი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში კრიშტიანუ რონალდუსა და ანტუან გრიზმანის შემდეგ მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ ორ სეზონში გოლის გატანა მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში მოახერხა. იქედან გამომდინარე, რომ ის მცველია, ეს მიღწევა კიდევ უფრო დასაფასებელია.

თუმცა, მარკინიოსის ბომბარდირული თვისებები პსჟ-ს საბოლოო ჯამში არაფერში წაადგა. ტაიმი პარიზელებმა მისი გოლით კი მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში „სიტიმ“ უპირატესობა ხელთ იგდო და შედეგსაც მიაღწია. ამაში გარკვეულწილად კეილორ ნავასის დანაშაულიცაა, რომელიც კევინ დე ბრუინის გოლის მომენტში აშკარად დაიბან და შედეგად ბურთი თავის ბადეში იხილა. მალევე, რიად მაჰრეზმა საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა და ყველაფერი შეიცვალა - გვარდიოლას ბიჭები დაწინაურდნენ.

პსჟ დემორალიზებული იყო და ჩანდა, რომ სიტუაციის შეცვლა არ შეეძლო, ვერც შეცვალა. ბოლოს ყველაზე საინტერესო ის მოხდა, რომ იდრისა განა გეიემ იუხეშა და გააძევეს. სხვათა შორის, პსჟ „მანაჩესტერ სიტის“ ისტორიაში მეოთხედ შეხვდა და არასდროს დაუმარცხებია. ზუსტად ანალოგიური ცუდი ბალანსი აქვს პარიზულ გუნდს „არსენალთან“ და „მილანთან“ (ოთხიდან ოთხი მოუგებელი თამაში), ხოლო უარესი მხოლოდ „იუვენტუსთან“, რომელსაც ისტორიაში რვაჯერ შეხვედრია და ერთხელაც არ მოუგია. ვნახოთ, „სიტისთან“ მეხუთე ცდაზე მაინც თუ მოიგებს პსჟ, ყოველშემთხვევაში ზედიზედ მეორედ ფინალში გასვლა თუ სურს, სხვა გზა ნამდვილად აღარ აქვს, ხოლო „მანჩესტერ სიტი“ ისტორიაში პირველ ფინალთან ძალიან ახლოსაა.

„პარი სენ ჟერმენი“ – „მანჩესტერ სიტი“ 1:2 (1:0)

პარიზი, „პარკ დე პრენსი“

„პარი სენ ჟერმენი“ (4-2-3-1): ნავასი; ფლორენცი, მარკინიოსი, კიმპემბე, ბაკერი; გეიე, პარედესი (ერერა 83); დი მარია (დანილო 80), ვერატი, ნეიმარი; მბაპე

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; უოლკერი, სტოუნსი, რუბენ დიაში, კანსელუ (ზინჩენკო 61); გიუნდოგანი, როდრი, დე ბრუინი; მაჰრეზი, ბერნარდო სილვა, ფოდენი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლები: 1:0 მარკინიოსი (15), 1:1 დე ბრუინი (64), 1:2 მაჰრეზი (71)

გაფრთხილება: პარედესი (70), ნეიმარი (74) კანსელო (31), დე ბრუინი (86)

გაძევება: გეიე (77)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 9 (6) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

0.118603