ჩოგბურთი

2:39 | 28.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

უიმბლდონი 2022 წლიდან 14-დღიანი ტურნირი გახდება

სრულიად ინგლისის გაზონის ჩოგბურთის კლუბის (AELTC) გადაწყვეტილებით, 2022 წლის სეზონიდან, უიმბლდონი 14-დღიანი ტურნირი გახდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველი კვირადღე, რომელიც უქმე იყო ხოლმე, სათამაშო დღე გახდება.

როგორც წესი, დასვენების დღის დროს, უიმბლდონის ორგანიზატორები კორტების მოსაწესრიგებლად იყენებენ ხოლმე. ამის გამო, ორშაბათი დატვირთული გამოდის - მამაკაცების და ქალთა ბადეში, მეოთხე წრის შეხვედრების უმეტესობა ტარდება.

AELTC-ის თავმჯდომარე იან ჰიუიტი ამბობს, რომ ბალახის კორტების მოვლის ახალი ტექნოლოგიები, რომლებსაც ორგანიზატორები უკვე ხუთი წელია იყენებენ, ტურნირის შუაწელში კორტების ერთდღიანი მომსახურების აუცილებლობას ხსნის.

იყო შემთხვევები, რომლებსაც ძირითადად უამინდობა განაპირობებდა, როცა ორგანიზატორებს კვირით შეხვედრების გამართვა უწევდათ. ასე მოხდა 1991, 1997, 2004 და 2016 წლებში. დიდი სლემის ოთხი ტურნირიდან, უიმბლდონი ერთადერთია, რომელსაც დასვენების დღე აქვს. შარშან ის გახდა დიდი სლემის ერთადერთი ტურნირი, რომელიც პანდემიის გამო არ ჩატარდა. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა უიმბლდონი არ ჩატარდა.

პანდემიის გამო, წლევანდელ უიმბლდონზე ჩოგბურთელებს სპეციალური წესების დაცვა მოუწევთ. მათ კარანტინს არ გაატარებენ, მაგრამ სამაგიეროდ, ვერც კერძო სახლებში ცხოვრების უფლებას მისცემენ. თვით ენდი მარისაც კი, ვინც კორტების სიახლოვეს ცხოვრობს, ტურნირის დროს, სასტუმროში ცხოვრება მოუწევს.

რაც შეეხება დასწრებას, ამ ეტაპზე გადაწყვეტილია, რომ ტრიბუნების ტევადობის მხოლოდ 25 პროცენტის ბილეთები გაიყოდოს. თუმცა ლოკდაუნის შემსუბუქების კვალად, ეს შეზღუდვაც თანდათან შეიცვლება.

ტურნირი 28 ივნისს იწყება, ერთი კვირით ადრე კი მთავრობა ლოკდაუნის შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს. მაგრამ ტურნირის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ქვეყანა სრულად რომც გაიხსნას, ჩოგბურთელებს მაინც სასტუმროებში დარჩენა მოუწევთ.

0.114289