ფეხბურთი

1:03 | 28.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ორმაგი სახის თამაში: ლამაზი გოლები და პრაგმატიზმი მადრიდში

ჩემპიონთა ლიგა ორკვირიანი პაუზის შემდეგ განახლდა და პირველი ნახევარფინალური მატჩი მადრიდში გაიმართა. მადრიდის „რეალი“ შინ ლონდონი „ჩელსის“ დაუხვდა, რომელსაც სხვათა შორის, 1998 წლის შემდეგ პირველად შეხვდა.

„ჩელსი“ ნახევარფინალურ სტადიას მოწყურებელი იყო, რადგან აქ ბოლოს 2014 წელს ეთამაშა, ხოლო „რეალი“ 2018 წლის შემდეგ პირველად გამოჩნდა ნახევარფინალში. შეხვედრა დაძაბული ნამდვილად გამოდგა, მაგრამ არც ისე სანახაობრივი. უფრო სწორად, თამაშს ორმაგი სახე ჰქონდა - გოლებამდე არაფერი დაუწუნებოდა, გოლების მერე კი არაფერი მოეწონებოდა...

„ჩელსის“კარგად დაწყო და მეათე წუთზე ტიმო ვერნერს ახლო მანძილიდან ეულად მყოფს რომ ევარგა, ანგარიშს აუცილებლად გახსნიდა. რაც ვერ გააკეთა ვერნერმა იოლ ვითარებაში, უფრო რთული მდგომარეობიდან კრისტიან პულიშიჩმა გააკეთა და მე-14 წუთზე მან ანგარიში გახსნა. ის პირველი ამერიკელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიტანა, ამავდროულად, „ჩელსის“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი ნახევარფინალში - 22 წლისა. „ჩელსი“ გატანილი გოლის შემდეგ დამშვიდდა და „რეალმაც“ მოუმატა. მეტწილად, კარიმ ბენზემამ, რომელმაც ჯერ ძელი შეაზანზარა, მერე კი საჯარიმოში დიდებულად ითამაშა და ულამაზესი გოლით წონასწორობაც აღადგინა.

თამაშიც პრაქტიკულად აქ დასრულდა, არადა, მხოლოდ 29-ე წუთი იყო. დარჩენილ ერთ საათში გუნდებს საგოლე მომენტები არ შეუქმნიათ და მხოლოდ იმით იყვნენ დაკავებულნი, რომ როგორმე შეცდომა არ დაეშვათ. ამრიგად, 1:1, რაც უფრო მეტად „ჩელსის“ წისქვილზე ასხმას წყალს, რადგან საპასუხო მატჩი, რომელიც 5 მაისს გაიმართება, შინ ელოდება. თუმცა, ცხადია, რომ ფინალში გამსვლელის ვინაობას მადრიდული შედეგი არ გადაწყვეტს და ლონდონში ალბათ, უფრო საინტერესო და უშეღავათო ბრძოლა შედგება. აღსანიშნავია, რომ ტომას ტუხელს ზინედინ ზიდანთან დუელი არასდროს წაუგია (1 მოგება, 4 ფრე), ისევე როგორც ესპანურ კლუბებთან მთავარი მწვრთნელის კარიერაში 7-მატჩიანი წაუგებელი სერი აქვს - 3 მოგება, 4 ფრე. ისტორიაში "ჩელსიც" დაუმარცხელებელია "რეალთან" - 2 მოგება და 2 ფრე! ვნახოთ, გაგრძელდება თუ არა ეს დიდებული სერია ერთ კვირაშიც.

„რეალი“ – „ჩელსი“ 1:1 (1:1)

მადრიდი, „ალფრედო დი სტეფანო“

„რეალი“ (3-5-2): კურტუა; მილიტაო, ვარანი, ფერნანდესი; კარვახალი (ოდრიოსოლა 77), მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი, მარსელო (ასენსიო 77); ბენზემა (როდრიგო 90), ვინისიუსი (აზარი 66)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

„ჩელსი“ (3-4-2-1): მენდი; კრისტენსენი, ტიაგო სილვა, რუდიგერი; ასპილიკუეტა (ჯეიმსი 66), კანტე, ჟორჟინიო, ჩილველი; მოუნთი, პულიშიჩი (ზიეჩი 66); ვერნერი (ჰავერტცი 66)

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლები: 0:1 პულიშიჩი (14), 1:1 ბენზემა (29)

გაფრთხილება: ვინისიუსი (27), კროოსი (60), მარსელო (65), ვარანი (78), ოდრიოსოლა (89) - პულიშიჩი (38)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (2) – 8 (5) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 4:6 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: დანი მაკელიე (ნიდერლანდები)

0.264598