ჩოგბურთი

2:49 | 27.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი საფრანგეთის ღიაზე უიმბლდონისთვის მოსამზადებლად გამოვა

იესპიენის საჩოგბურთო კომენტატორის, პატრიკ მაკინროის აზრით, როჯერ ფედერერი საფრანგეთის ღია პირველობაზე ერთადერთი მიზნით გამოდის - დააგროვოს სათამაშო პრაქტიკა და უკეთ მოემზადოს უიმბლდონისთვის და მისი შემდგომი ჰარდის ტურნირებისთვის.

ტრავმების, თუ სხვა მიზეზების გამო, შვეიცარიელმა ბოლო ხუთ სეზონში, როლან გაროსი ოთხჯერ გააცდინა. მას მუხლის ორი ოპერაციის გამო, წელიწადზე მეტი გაუცდა და კორტს გასულ თვეში დაუბრუნდა.

„ის კორტზე არ გამოვა, თუ დარწმუნებული არ იქნება, რომ კარგად თამაშს შეძლებს. მაგრამ არ მგონია, ის რეალურად განიხილავდეს როლან გაროსზე გამარჯვების შესაძლებლობას“, - ამბობს მაკინროი, ვინც თავადაც ყოფილი ჩოგბურთელია და სახელოვანი ჯონ მაკინროის ძმაა. ის დასძენს, რომ ფედერერის მიზანი, უიმბლდონზე მეცხრე გამარჯვებაა.

მაკინროი ამბობს, რომ 39 წლის ფედერერმა შესაძლოა პარიზში კარგად ითამაშოს, მაგრამ მოქმედ ჩემპიონ რაფაელ ნადალთან და მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩთან შეხვედრის შემთხვევაში, შანსი არ ექნება.

„მაშინაც კი, როდესაც როჯერი საუკეთესო ფორმაში იყო, თიხნარზე ის მაინც მსოფლიოში მეორე საუკეთესოდ ითვლებოდა. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ამიტომ, ასეთი ხანგრძლივი უქმეობის შემდეგ, პარიზში მისი ტრიუმფი წარმოუდგენლია. მაგრამ ის ამაზე არც ფიქრობს. მას უბრალოდ სურს, რომ ბევრი ითამაშოს“, - ამბობს მაკინროი.

ფედერერი როლან გაროსამდე სამი კვირით ადრე, ჟენევის თიხნარის ტურნირზე იასპარეზებს. საფრანგეთის ღია პირველობა კი მისთვის ავსტრალიის 2020 წლის ღია პირველობის შემდეგ, დიდი სლემის პირველი ტურნირი იქნება.

მაკინროი აღიარებს, რომ მათ შორის იყო, ვინც ფიქრობდა, რომ ფედერერი კარიერის მიწურულს, დიდ გამარჯვებებს ვერ მოიპოვებდა. მაგრამ შვეიცარიელმა ეს შეძლო - 2017 წელს ავსტრალიის ღიასა და უიმბლდონზე გაიმარჯვა, მომდევნო სეზონში კი მელბურნის ტურნირი მეექვსედ მოიგო. მაკინროი ამბობს, რომ ამის შემდეგ, აღარასდროს უფიქრია ფედერერის ჩამოწერა მანამ, სანამ ის კარიერას დაასრულებს.

0.113556