მსოფლიოს მეექვსე ჩოგანი, კანადელი ბიანკა ანდრეესკუ მადრიდის ღია პირველობაზე თამაშს ვერ შეძლებს. ამის მიზეზი ისაა, რომ მას კორონვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა.
აშშ-ის ღია პირველობის 2019 წლის ჩემპიონი ამბობს, რომ მადრიდში გაფრენამდე ჩატარებულ ორ ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღო. მაგრამ მოგვიანებით შეატყობინეს, რომ ვირუსით არის ინფიცირებული.
„თავს კარგად ვგრძნობ. ვისვენებ და ვცდილობ, შესაბამისი პროტოკოლები და უსაფრთხოების ნორმები დავიცვა. მოუთმენლად ველი მომენტს, როდესაც კორტზე დაბრუნების საშუალება მექნება“, - განაცხადა 20 წლის ჩოგბურთელმა.
ანდრეესკუმ ფლეშინგ მედოუსზე გამარჯვებიდან ერთ თვეში, მარცხენა მუხლის მუხლის მენისკის ტრავმა მიიღო. დაბრუნება მხოლოდ გასულ თებერვალში შეძლო და ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში დამარცხდა. მაიამის ღია პირველობაზე ფინალს მიაღწია, მაგრამ ტერფის ტრავმა მიიღო და ეშლი ბარტისთან შეხვედრას გამოეთიშა.