იტალიური „რომას“ მთავარი მწვრთნელის პოსტს დიდი ალბათობით, მაურიციო სარი ჩაიბარებს. Corriere Dello Sport-ის ცნობით, მხარეები სულ მალე ერთმანეთს შეხვდებიან.
სარი „რომას“ სპორტულ დირექტორ ტიაგო პინტოს შეხვდება და გეგმებზე ისაუბრებენ. „ჯალოროსის“ მიმდინარე სეზონის შემდეგ პაულუ ფონსეკა დატოვებს, რომლის მუშაობით დედაქალაქურ გუნდში უკმაყოფილონი არიან.
„რომა“ ევროპა ლიგის ნახევარფინალშია გასული, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ უნდა დაუპირისპირდეს, თუმცა ამ ტურნირის მოგება ფონსეკას პოსტს ვერ შეუნაჩუნებს, რადგან გუნდი სერია A-ში ძალიან ცუდად თამაშობს და მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა.
სარი 2020 წლიდან მოყოლებული, როდესაც „იუვენტუსიდან“ დაითხოვეს, უმუშევარია და „რომაში“ მუშაობაზე თანახმაა. რომაელებს მეორე ვარიანტიც ჰქონდათ მასიმილიანო ალეგრი, მაგრამ მან უარი განაცხადა და „მგლებმა“ არჩევანი სარიზე შეაჩერეს, რომელსაც „იუვეს“ გარდა, „ემპოლიში“, „ნაპოლისა“ და „ჩელსიში“ უმუშავია.