მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ეშლი ბარტიმ, თავისი 25-ე იუბილე შესანიშნავი საჩუქრით აღნიშნა - შტუტგარტის „პორშეს“ დიდი პრიზი მოიგო და საავტომობილო კომპანიისგან ტრადიციული საჩუქარი - ავტომობილი მიიღო.
ავსტრალიელი ჩოგბურთელისთვის, ეს შტუტგარტში პირველი გამოსვლა იყო. ამ სეზონში კი მან უკვე მესამე ტიტული მოიპოვა. და ეს თიხნარზე მისი პირველი ტრიუმფია მას შემდეგ, რაც 2019 წელს როლან გაროსზე გაიმარჯვა. ბარტიმ ტურნირის ფინალში, 3-6, 6-0, 6-3 მოუგო ბელარუს არინა საბალენკას.
ტურნირის მსვლლობისას, ბარტიმ მესამე ისეთი თამაში მოიგო, რომელსაც თავიდან აგებდა. პირველი სეტის მეექვსე გეიმში, როცა საბალენკა 3-2 იგებდა, ავსტრალიელმა სამი ბრეიკ პოინტი მოიგერია და გეიმებში ანგარიში გაათანაბრა. მაგრამ ორი გეიმის შემდეგ, ბელარუსმა საწადელს მაინც მიაღწია. ეს კი მას შემდეგ შეძლო, რაც მეტოქემ დროპ შოტი უხეიროდ შეასრულა. საბალენკამ 5-3-ზე თავისი მოწოდება უშეცდომოდ შეასრულა და სეტებში დაწინაურდა.
მეორე სეტში სიტუაცია შეიცვალა. ბარტიმ თამაშის ხარისხი გააუმჯობესა, საბალენკამ კი შეცდომებს უხშირა. შედეგად, ავსტრალიელმა სეტი მშრალად მოიგო. და მესამეც ბრეიკით დაიწყო - მეორე გეიმში მეტოქეს შეცდომა დააშვებინა და მალე ანგარიში 3-0-მდე გაზარდა. აქ საბალენკა გამოერკვა და ზედიზედ ორი გეიმის მოგება შეძლო. მაგრამ სულ ეს იყო, რისი უფლებაც მას ავსტრალიელმა მისცა. 3-2-ზე ბარტიმ კიდევ ერთი ბრეიკი აიღო, რაშიც მსოფლიოს მეშვიდე ჩოგნის ორმაგი შეცდომა დაეხმარა. მეშვიდე გეიმში, როცა 4-2 იგებდა, საბალენკამ სამი ბრეიკ პოინტი მიიღო, მაგრამ მეტოქემ ყველა გაუქვითა. ბოლოს კი ბარტიმ მეორე მატჩ პოინტი გამარჯვების ქულად აქცია.