ჩოგბურთი

1:19 | 26.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა ბარსელონას ტურნირი მე-12 ტიტული მოიგო

მონტე კარლოს მასტერსზე განცდილი მარცხის შემდეგ, რაფაელ ნადალმა ტურნირზე გამარჯვების გემო ბარსელონაში გაიხსენა. მან ფინალურ შეხვედრაში, დაძაბულ ბრძოლაში 6-4, 6-7(6), 7-5 აჯობა ბერძენ სტეფანოს ციციპასს და ბარსელონას ღია პირველობის მე-12 ტიტულს დაეუფლა. ნადალისთვის ეს ამ სეზონში პირველი მოგებული ტურნირია.

ესპანელს გამარჯვებისთვის სამი სეტი და სრულად დახარჯვა დასჭირდა. ციციპასმ თამაში კარგად დაიწყო და მალე ბრეიკს მიაღწია. მეხუთე გეიმში მას კიდევ ერთი ბრეიკის შანსი ჰქონდა - ორმაგი ბრეიკ პოინტი მიიღო, მაგრამ ნადალმა ორივე მოიგერია. მალე მან ანგარიშიც გაათანაბრა. ციციპასს ბრეიკ პოინტები მეცხრე გეიმშიც ჰქონდა, მაგრამ ისევ ვერ გამოიყენა. ნადალმა კი, ვისთვისაც ეს თიხნარ კორტებზე ნათამაშები 69-ე ფინალი იყო, მომდევნოში თავისი შანსი კარგად გამოიყენა და სეტებში დაწინაურდა. ციციპასმა თიხნარის მიმდინარე სეზონში, პირველი სეტი დათმო.

მეორე სეტის დასაწყისში, ბერძენმა ისევ ბრეიკს მიაღწია, თუმცა ნადალმა ანგარიში მეექვსე გეიმში გაუქვითა. მეათე გეიმში ნადალს მატჩ პოინტი ჰქონდა, მაგრამ ამჯერად თავად ვერ შეძლო მისი გამოყენება. სეტი ტაიბრეიკზე გადავიდა, სადაც ციციპასი უფრო სტაბილური (ნადალმა ორმაგი შეცდომა აჩუქა) იყო და მან სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტის დასაწყისში, ორივე ჩოგბურთელი საკუთარ მოწოდებას იოლად იგებდა. მეათე გეიმში ციციპასმა ბრეიკის შანსი მიიღო. ნადალმა უხერხულად დაარტყა და ბადეს მოახვედრა, მაგრამ მის ბედად, ბურთი მეტოქის მოედანზე ჩავარდა - ბრეიკ პოინტი გაბათილდა.

ამან ესპანელი გაახალისა და ის გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა. ციციპასმა სამი ბრეიკ პოინტის მოგერიება შეძლო, მაგრამ ნადალი არ გატყდა და მეოთხეზე მეტოქეს შეცდომის დაშვება აიძულა. მე-12 გეიმში ნადალმა ჯერ ორმაგი შეცდომა დაუშვა, შემდეგ კი ბურთი ბადეს მოახვედრა და მის მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების შანსი გაუჩნდა. მაგრამ ნადალმა ბრეიკ პოინტი შესანიშნავი მოწოდებით გაქვითა. საბოლოოდ კი გამარჯვებას სამსაათნახევარზე მეტის შემდეგ მიაღწია. ეს თიხნარ კორტებზე მის მიერ მოგებული 61-ე ტიტულია.

0.113683