ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ ფლორენციის „ფიორენტინასთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, თავდაპირველი მოლოდინები სხვაგვარი იყო და არ არის კმაყოფილი თავისი მუშაობით, ისევე როგორც ხელმძღვანელობა არ იქნება კმაყოფილი.
„ძალიან ცუდი პირველი ტაიმი გვქონდა, სხვანაირი დამოკიდებულება უნდა გვქონოდა. დავაგვიანეთ, ძალიან აგრესიულები არ ვიყავით, სიღრმეებიდან არ ვუტევდით. მეორე ტაიმი უკეთესი იყო. დანილოს ტრავმის შემდეგ ვეცადეთ 3 მცველით გვეთამაშა, ფლანგები უფრო მაღლა აგვეწია, არ გამოვიდა, ასე რომ პირველი ტაიმის შემდეგ სქემა შევცვლეთ და მორატა ჩავრთეთ თამაშში ტემპის შესაცვლელად. მეორე ტაიმი უკეთესი იყო, მაგრამ სხვანაირად უნდა გვეთამაშა. სამმცველიანმა ტაქტიკამ დღეს კარგად არ იმუშავა, ერთი რამ ვეცადეთ და სხვა რამ მოხდა. თამაშში სქემა შევცვალეთ და მან უკეთ იმუშავა.
სეზონის წინ მოლოდინი განსხვავებული იყო, როგორც ჩემი, ასევე გუნდის. არ ვფიქრობ,რ რომ საქმე ისე გავაკეთე, როგორც მინდოდა და როგორც ყველას სურდა. ყველა თამაში გაკვეთილია და რაღასაც სწავლობ გასაუმჯობესებლად. მე არ ვარ კმაყოფილი და არმგონია, რომ ხელმძღვანელობა იყოს.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 66 ქულა აქვს და ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩენის რეალური საფრთხის წინაშეა. მომდევნო შეხვედრას ტურინელები კვირას „უდინეზესთან“ გამართავენ.